მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„შეიძლება ეს იყოს ველოსიპედი“ - რა პროდუქციას აქვს პოტენციალი დიაგონალური კუმულაციის ფარგლებში?

631ee6d909106
თამთა ჯიჯავაძე
12.09.22 19:00
896
რა საექსპორტო პროდუქციაზე შეიძლება საქართველომ გაამახვილოს ყურადღება თურქეთსა და ევროკავშირთან დიაგონალური კუმულაციის ფარგლებში? - ამ საკითხზე განმარტებები USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის უფროსმა კონსულტანტმა და საკონსულტაციო კომპანია PMCG-ის წარმომადგენელმა, მიხეილ ჯანელიძემ „საქმიან დილაში“ გააკეთა.

აღსანიშნავია, რომ USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან თანამშრომლობითა და საკონსულტაციო კომპანია PMCG-ს ჩართულობით, დიაგონალური კუმულაციის შესაძლებლობების კომპლექსური კვლევა ჩატარდა, რომლის მიზანიც ინვესტიციების მოზიდვისა და ექსპორტის წახალისებისთვის ყველაზე პერსპექტიული სექტორებისა და ღირებულებათა ჯაჭვების გამოვლენა იყო. ასევე, კვლევითმა ჯგუფმა გააანალიზა ევროკავშირის ქვეყნებში თურქული საქონლის ექსპორტის მაჩვენებლები და შეიმუშავა კონკურენტუნარიანი პროდუქტების სია, რომლებიც შეირჩა სპეციალურად კვლევისთვის შემუშავებული მეთოდოლოგიის გამოყენებით.

„ჩვენ გავაანალიზეთ ყველა შესაძლო პროდუქტი. ჩვენი მიზანი იყო რომ გვეპოვა ის პროდუქტები, რომლებიც კონკურენტუნარიანია ევროკავშირის ბაზარზე, ანუ მათი წილი ევროკავშირის იმპორტში მაღალია. მნიშვნელოვანია ასევე ის, თუ რა საიმპორტო ტარიფი აქვს ევროკავშირს დაწესებული ასეთი ტიპის პროდუქტისთვის. დიაგონალური კუმულაცია მაშინ არის საინტერესო, როდესაც წარმოშობის წესები არის რთული; ანუ ნედლეული რომ შემოიტანოთ სხვა ნებისმიერი ბაზრიდან და საქართველოში გადაამუშაოთ, იგი ვერ დააკმაყოფილებს წარმოშობის კრიტერიუმებს და ვერ მოხვდება თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში. ამიტომ ჩვენ ასეთი რთული წარმოშობის კრიტერიუმების პროდუქცია შევარჩიეთ.

ამის შემდეგ შევარჩიეთ ის პროდუქციაც, რომელიც შეიძლება კონკურენტუნარიანი იყოს საქართველოში წარმოების შემთხვევაში. ამის განმსაზღვრელი ფაქტორები შეიძლება იყოს იაფი მუშახელი, ელექტროენერგიის ფასი და ბიზნეს გარემო. პოტენციური პროდუქტების სია სამი ძირითადი კომპონენტის მიხედვით გაიცხრილა და საბოლოო ჯამში შემუშავდა რეკომენდაციები, რომლითაც შეიძლება იხელმძღვანელოს ბიზნესმა. თუმცა დეტალური ბიზნესგეგმები მათი მოსამზადებელია და კონკრეტული შეფასება ბიზნესის გასაკეთებელია“, - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

მან ასევე რამდენიმე პოტენციური ინდუსტრიული პროდუქცია დაასახელა, რომელზეც შეიძლება საქართველოში მწარმოებლებმა აქცენტი გააკეთონ. მათ შორისა სამშენებლო, ალუმინის პროდუქცია და სხვა.

„თურქეთს ძალიან კარგად აქვს განვითარებული პლასტმასის ღირებულებათა ჯაჭვი. დაწყებული პირველადი და მეორადი ნედლეულის გადამუშავებიდან, დამთავრებული მაღალტექნოლოგიური პროდუქტით, სადაც გამოიყენება ეს ნაწარმი. ამიტომ ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს, რომ ამ ღირებულებათა ჯაჭვში „ჩავჯდეთ“. აქ არის ისეთი პროდუქტი, როგორიცაა უქსოვადი ნაჭრები, რომლებიც გამოიყენება დამცავი ხალათების საწარმოებლად. თურქეთს განვითარებული აქვს უქსოვადი ნაჭრების წარმოება, რომელსაც სჭირდება დიდი კაპიტალური ინვესტიციები, ამიტომ ჩვენ შეგვიძლია, ის ნედლეული, რომელიც იწარმოება თურქეთში, აქ შემოვიდეს და აქ შეიკეროს და შემდეგ უკვე გავიდეს ევროკავშირის ბაზარზე.

ამასთან, სამშენებლო სექტორისთვის მნიშვნელოვანია პოლიეთილენის შესაბამისი მასალისგან დამზადებული გადასაზიდი დიდი ჩანთები. შეიძლება ეს პროდუქციაც აქ შეიკეროს, აქ დასრულდეს მისი წარმოება და გავიდეს ასევე ევროკავშირის ბაზარზე.

მეორე ღირებულებათა ჯაჭვი არის ალუმინის ნაწარმი, აქ არის პროდუქცია, რომელიც სამშენებლო სექტორისთვის მნიშვნელოვანია. მაგალითად გამათბობელი სახლის რადიატორები, ვიცით რომ ბაზარზე ბევრია თურქული გამათბობელი რადიატორი, ასევე არის კარ-ფანჯარა, ვიცით რომ ნედლეული ამ პროდუქტისთვისაც თურქეთიდან შემოდის. ასევე შესაძლებელია ისეთი პროდუქტის წარმოება, როგორიცაა ველოსიპედი. მსოფლიო ბაზარზე მასზე მზარდი მოთხოვნაა და თურქეთი ავითარებს ამ წარმოებას, განსაკუთრებით პოპულარულია დღეს ალუმინის ძირითადი კომპონენტებისგან დამზადებული ველოსიპედი, შესაბამისად ესეც შესაძლებელია“, - განმარტა მიხეილ ჯანელიძემ.

ჯანელიძის თქმითვე, თურქეთი ევროკავშირისთვის ინდუსტრიული პროდუქციის ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელია, დიაგონალური კუმულაციის შედეგად კი შესაძლებელი ხდება, რომ ჩვენ საერთო ბაზრის ნაწილი გავხდეთ, რომელსაც თურქეთი-ევროკავშირის ვაჭრობა წარმოადგენს.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ეს შეთანხმება ფარავს მხოლოდ ინდუსტრიულ პროდუქციას და არა სოფლის მეურნეობის პროდუქციას, ვინაიდან სოფლის მეურნეობის პროდუქცია თურქეთი-ევროკავშირის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით არ იფარება. ამიტომაც ქართველმა მეწარმეებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ მხოლოდ იმ პროდუქციაზე, რომელიც სამივე ბაზრისთვის გახსნილია.

შეგახსენებთ, 2021 წლის 29 აპრილიდან, საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის ამოქმედებული დიაგონალური კუმულაციის თანახმად, თურქული ნედლეულის გამოყენებით საქართველოში დამზადებული სამრეწველო პროდუქტების ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით არის შესაძლებელი. არის მოლოდინი, რომ დიაგონალური კუმულაცია, ევროკავშირში საქართველოს ექსპორტის პოტენციალის ზრდასთან ერთად, ხელს შეუწყობს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) შემოდინებას თურქეთიდან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები