პარლამენტში, „ტურიზმის შესახებ“ კანონპროექტზე მსჯელობენ. კანონპროექტი, რომელზეც დარგობრივმა კომიტეტმა იმუშავა, განსაზღვრავს ტურისტის, როგორც მომხმარებლის უფლებებსა და გარანტიებს. კანონპროექტით ტურისტული საქმიანობების განმახორციელებელი სუბიექტები ვალდებული იქნებიან რეგისტრაცია გაიარონ ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში. ნებაყოფლობითი იქნება გიდების პროფესიული სერტიფიცირება, თუმცა კანონპროექტში გათვალისწინებულია დამატებითი სტიმულები სერტიფიცირებული გიდებისთვის.
კანონპროექტის საკომიტეტო განხილვას დღეს კერძო სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. საქართველოს ტურიზმის ასოციაციის გამყვანი ტურიზმის კომიტეტის ხელმძღვანელი ზურაბ ნაროუშვილი ამბობს, რომ კანონპროექტის არსებულ რედაქციაში კერძო სექტორს არაერთი შენიშვნა აქვს.
მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი გამყვანი ტუროპერატორების შემთხვევაში ფინანსური უზრუნველყოფისა და საბანკო გარანტიების წარდგენის ვალდებულებაა, რაც ბიზნესისთვის მძიმე წნეხია. ნაროუშვილი აცხადებს, რომ პროცესში უნდა გაჩნდეს მესამე პირის პასუხისმგებლობაც, რადგან ტურის დაგეგმვის პროცესში ტურისტული კომპანიის გარდა სხვა ბიზნესებიც არიან ჩართული და პასუხისმგებლობა გადასანაწილებელია.
“აქ ყველაზე მძაფრად დგას არა ის საკითხი, რომ ტუროპერატორებს საბანკო გარანტიების ან ფინანსური გარანტიის წარდგენის ვალდებულება ექნებათ, არამედ ის თუ რამდენად მიზნობრივად მოხდება წარდგენილი თანხის გამოყენება, გახარჯვა. საუბარია ტურისტების სუბიექტურ მოლოდინებზე, არაკეთილსინდისიერ მომხმარებლებზე და რაც უმნიშვნელოვანესი არის, მესამე პირის პასუხისმგებლობაზე. მესამე მხარედ ამ შემთხვევაში მოიაზრება არა გვერდზე მდგომი, არანაირ კავშირში მყოფი ბიზნესი, არამედ საუბარი არის ისეთ მესამე მხარეზე, რომელიც უშუალოდ ჩართული არის ტურისტული პაკეტის შესრულებაში.
მაგალითად ავია, საჰაერო გადაზიდვა, რომელიც გამყვანი ტურიზმის შემადგენელი ნაწილია. შეუძლებელია რომ ტურისტულმა კომპანიამ პასუხისმგებლობა აიღოს ავიაკომპანიის ნაცვლად, როგორც არის სამწუხაროდ ფორმულირებული არსებულ რედაქციაში.”-აცხადებს საქართველოს ტურიზმის ასოციაციის გამყვანი ტურიზმის კომიტეტის ხელმძღვანელი ზურაბ ნაროუშვილი.
კითხვაზე, თუ არსებულ რედაქციაში ამ მიმართულებით ცვლილებები არ შევიდა რა შედეგი შეიძლება ჰქონდეს ამას კერძო სექტორისთვის, ზურაბ ნაროიშვილი გვაპასუხობს, რომ ამან შეიძლება გამყვანი ტუროპერატორების გაკოტრებაც კი გამოიწვიოს.
“თუ მესამე პირის პასუხისმგებლობის შემოღება არ მოხდა, გამოდის რომ ყველანაირი პასუხისმგებლობა ეკისრება ტურისტულ კომპანიას, რის არც იურიდიული და არც ფინანსური საშუალება არ გააჩნია, რომ შეასრულოს ყველა ის ვალდებულება რაც კანონპროექტით არის გაწერილი. გააჩნია რა მასშტაბით დადგება ამ ვალდებულების შესრულება, თუმცა შეიძლება გამყვანი ტუროპერატორი გაკოტრებამდეც მივიდნენ.”-ამბობს საქართველოს ტურიზმის ასოციაციის გამყვანი ტურიზმის კომიტეტის ხელმძღვანელი ზურაბ ნაროუშვილი.
ცნობისთვის: ტურისტული მომსახურების სფეროში ახალი რეგულაციები შემოდის, რომლის შედეგად, სსიპ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ზედამხედველის ფუნქციები ენიჭება. „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი უკვე პარლამენტშია, რომლის მიხედვითაც ტუროპერატორი და კომბინირებული ტურისტული მომსახურების მიმწოდებელი ვალდებული ხდება, შესაძლო გადახდისუუნარობის შემთხვევისთვის, ფინანსური უზრუნველყოფა იქონიოს.
კანონპროექტის მიხედვით კომბინირებული ტურისტული მომსახურებაა - არანაკლებ ორი სხვადასხვა ტიპის ტურისტული მომსახურება, რომლებიც შეძენილია ერთი და იმავე მოგზაურობის ფარგლებში და არ შეადგენს პაკეტს და ხდება ცალკე ხელშეკრულებების დადება ტურისტული მომსახურების ინდივიდუალურ მიმწოდებლებთან.
ტუროპერატორი - პირია, რომელიც ქმნის და ყიდის (ან სთავაზობს გასაყიდად) ტურისტულ პაკეტს თვითონ ან ტურაგენტის მეშვეობით ან ტურაგენტთან ერთად, ან რომელიც აწვდის ტურისტის მონაცემებს ტურისტული მომსახურების სხვა მიმწოდებელს.
კანონპროექტის თანახმად, ფინანსური უზრუნველყოფის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ტუროპერატორს/კომბინირებული მომსახურების მიმწოდებელს უნდა გააჩნდეს შესაბამისი პასუხისმგებლობის დაზღვევა ან საბანკო გარანტია.
ტუროპერატორის და/ან კომბინირებული მომსახურების მიმწოდებლის მიერ აღნიშნული ვალდებულების შესრულების ზედამხედველად სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია განისაზღვრა, რომელსაც ტურისტული სერვისის მიმწოდებლებმა, გარკვეული პერიოდულობით, შესაბამისი ანგარიში უნდა წარუდგინონ.