GREDA-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი აბრამიშვილი ამბობს, რომ ჰესების გამომუშავების კლების მიზეზი ცუდი ჰიდროლოგიური წელი იყო.
საქმე ის არის, რომ 2025 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 3%-ით 14.9 მლრდ კვტ.სთ-მდე გაიზარდა. მოხმარებისგან განსხვავებით შარშან დენის გამომუშავება შემცირდა. ჯამში დაახლოებით 13.8 მლრდ კვტ.სთ გამოიმუშავა ქვეყნის ელექტროსისტემამ, რაც თითქმის 3%-იანი კლებაა 2024 წელთან შედარებით.
BMG-თან ინტერვიუში აბრამიშვილი ასევე ამბობს, რომ 2025 წელს ქვეყნის ენერგეტიკულ სისტემას მნიშვნელოვანი გენერაციის ობიექტი არ დამატებია.
"კლება ჩვეულებრივი ჰიდროლოგიური პროცესის ნაწილია. ჰიდროლოგიურად გასული წელი ამ ეტაპზე შედარებით სუსტი ჩანს. მართალია, წელი ახლახან დაიწყო და შესაძლებელია, რომ მდგომარეობა მოგვიანებით გაუმჯობესდეს, რადგან ამჟამად ჭარბი ნალექებია და თოვლის დნობის დაწყების შემდეგ, სავარაუდოდ, ჰიდროელექტროსადგურებში გამომუშავებაც გაიზრდება.
მეორე მხრივ, ეს არის სწორედ ის ტენდენცია, რომელზეც უკვე მრავალი წელია ვსაუბრობთ და რომელიც ყურადსაღებია. ეს ტენდენცია მიუთითებს იმაზე, რომ ახალი გენერაციის ობიექტები პრაქტიკულად არ ემატება სისტემას. შეიძლება ითქვას, რომ არსებულ ჰესებზე გამომუშავება ჰიდროლოგიური პირობების გამო შემცირდა, მაგრამ იმ ქვეყნისთვის, რომელსაც ასეთი დიდი ჰიდრორესურსი და ზოგადად განახლებადი ენერგიის პოტენციალი აქვს, ძალიან სამწუხაროა, რომ კვლავ დეფიციტური და იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა ვართ.
მოხმარება იზრდება შარშან, მაგალითად, დაახლოებით 3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, თუმცა ყოფილა წლები, როდესაც ზრდა 10%-მდეც მისულა. თუ ბოლო 7–8 წლის საშუალო მაჩვენებელს შევხედავთ, მოხმარება წლიურად დაახლოებით 5%-ით იზრდება. ამ ზრდას კი გენერაციის ახალი ობიექტები ვერ ეწევა. შედეგად, წლიდან წლამდე იზრდება ნაპრალი გენერაციასა და მოხმარებას შორის, რაც ქვეყანას უფრო და უფრო მეტად ხდის დამოკიდებულს იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე.
იმპორტი ძირითადად ხორციელდება რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან, იმ ქვეყნებიდან, რომლებთანაც საქართველოს დღემდე სრულად დემარკირებული საზღვრებიც კი არ აქვს. შესაბამისად, საუბარი აღარ არის მხოლოდ ენერგოდამოუკიდებლობაზე — საკითხი უკვე პოლიტიკურ ჭრილშიც გადადის, რადგან თეორიულად ორივე მეზობელ ქვეყანას შეუძლია ენერგოდამოკიდებულება პოლიტიკური ბერკეტის სახით გამოიყენოს. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ შეძლოს საკუთარი განახლებადი რესურსების ათვისება", - აცხადებს აბრამიშვილი.



























