მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Shein-მა პირველი ფიზიკური მაღაზიის გასახსნელად საფრანგეთი აირჩია, რასაც პარიზელების პროტესტი მოყვა

shein

სწრაფი მოდის აზიური გიგანტი Shein-ი თავის პირველ ფიზიკურ მაღაზიას საფრანგეთში გახსნის. კერძოდ, კომპანია "აუთლეტ" კოლექციას საფრანგეთში მოქმედი უნივერმაღების ნაწილში განათავსებს, ჯერ პარიზში, შემდეგ კი კიდევ 5 ქალაქში.

როგორც კომპანიის წარმომადგენელმა BBC-ის განუცხადა, პირველი "აუთლეტ" მაღაზიის გასახსნელად "მოდის გავლენიანი ბაზრის" არჩევა ბუნებრივი პროცესი იყო.

კომპანიას დროებითი სტენდების ოპერირება აქამდეც უცდია ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, თუმცა მუდმივი ფიზიკური მაღაზია არასდროს ჰქონია. სავაჭრო ობიექტს Shein-ი საცალო ვაჭრობის უძრავი ქონების ჯგუფ Societe des Grands Magasins (SGM)-თან პარტნიორობით იხსნება. ფრანგული კომპანია BHV Marais-სა და Galeries Lafayette-ის სავაჭრო ცენტრებს მართავს. სწორედ ამ ცენტრებში განთავსდება Shein-ის მაღაზიები.

გავრცელებულ განცხადებაში კომპანია აღნიშნავს, რომ ფიზიკური მაღაზიები საფრანგეთში 200 სამუშაო ადგილს გააჩენს.

საქმე ისაა, რომ კომპანიის გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა საფრანგეთის სენატის მიერ ივნისში მიღებული კანონპროექტი, რომელიც სწრაფი მოდის რეგულირებას ისახავს მიზნად და ისეთ კომპანიებს, როგორებიც Shein-ი და Temu არიან, სანქციები დაუწესა და რეკლამის განთავსება აუკრძალა.

ამასთან, BHV Marais-ში Shein-ის მაღაზიის გახსნას პროტესტი მოყვა პარიზელების მხრიდანაც, რადგან თავად BHV პარიზის ერთ-ერთ საკულტო სავაჭრო ცენტრად ითვლება, რომელიც 170-წლიან ისტორიას ითვლის და კარგი ხარისხის სამოსის ხელმისაწვდომ ფასად შესყიდვასთან ასოცირდება. პროტესტის მიზნით, სავაჭრო ცენტრი არაერთმა ბრენდმა დატოვა. შეიქმნა ონლაინ-პეტიციაც, რომელსაც, Shein-ის მაღაზიის გახსნის საწინააღმდეგოდ 100 000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი.

აქტივისტები და დიზაინერები ებრძვიან ულტრა სწრაფი მოდის მოდელს, რომელსაც Shein-ი თავის წარმოებაში იყენებს. ფრანგები მიიჩნევენ, რომ პარიზში, როგორც მოდის დედაქალაქში, Shein-ის ადგილი არ არის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბრენდი სამოსის წარმოებისთვის თანამშრომლებს არაადამიანურ პირობებში ამყოფებს და დიზაინებს ფრანგული ბრენდებისგან იპარავს.

Shein-ის ქარხნებში ცუდი სამუშაო პირობების შესახებ არაერთი ინფორმაცია გავრცელებულა, მათ შორის, ციურიხში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, Public Eye-ის, 2024 წელს ჩატარებული გამოძიების შედეგად აღმოჩნდა, რომ კომპანია სამხრეთ ჩინეთში მდებარე ქარხნის თანამშრომლები კვირაში 75-საათიანი გრაფიკით, არასათანადო პირობებში მუშაობდნენ.

"პარიზის ღირებულებების ღალატად" აფასებს Shein-ის მაღაზიის გახსნას თავად ქალაქის მერიც.

არსებული ინფორმაციით, პირველი მაღაზია 5 ნოემბერს გაიხსნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები