მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"შეხვედრა მნიშვნელოვანი შედეგით დასრულდა" - პროფკავშირები მიხაილ სოცკის შეხვდნენ

პროფკავშირები

2025 წლის 13 მაისს შეხვედრა გაიმართა პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილსა და და ჭიათურაში ოპერირებადი კომპანია - cmc-ის დირექტორს - მიხაილ სოცკის შორის. ინფორმაციას პროფკავშირები ავრცელებს.

მათი შეფასებით, შეხვედრა მნიშვნელოვანი შედეგებით დასრულდება და კომპანიამ პროფკავშირების გაერთიანების მოთხოვნები გაითვალისწინა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გაერთიანებისა და კომპანიის წარმომადგენლებიც. შეხვედრის მიზანი ჭიათურაში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესში პროფკავშირების გაერთიანების მოთხოვნებისა და შენიშვნების განხილვა იყო.

"შეხვედრა მნიშვნელოვანი შედეგით დასრულდა. კომპანიამ გაითვალისწინა პროფკავშირების გაერთიანების მოთხოვნები მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით.

- კონკურსი არ შეეხება ჭიათურაში ოპერირებად კომპანიებს სს ახალ გამამდიდრებელ ქარხანასა და შპს ჯმ-ემს -ს. ხოლო, სხვა მიზეზებიდან გამომდინარე (დასაქმებულის უარი სამუშაოზე ან სხვა გარემობა) კომპანიაში ვაკანსიის გაჩენის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება კომპანიის სხვა დასაქმებულებს.

- არ მოხდება კომპანიასა და მაღაროელებს შორის ახალი ხელშეკრულებების გაფორმება. რიგ საკითხებთან დაკავშირებით მოხდება მხოლოდ დამატებითი შეთანხმებების გაფორმება (მაგ. 12 საათიანი სამუშაო გრაფიკიდან 8 საათიან სამუშაო გრაგიკზე გადასვლა). სტაჟი ყველა თანამშრომელს ჩვეულებრივ გაუგრძელდება, უწყვეტად.

- პროფკავშირსა და კომპანიას შორის გაფორმებული კოლექტიური ხელშეკრულების მოქმედება გაგრძელდება, ყველა სიკეთითა და სარგებლით.

- რეორგანიზაციის პროცესში პირთა შეფასება მოხდება ობიექტურად, ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე. გათვალისწინებულ იქნება, მათ შორის, დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებები, მიღებული მხოლოდ მუშაობის ბოლო 1 წლის განმავლობაში 01.11.2023 წლიდან 01.11.2024 წლამდე. ასევე, ნებისმიერი შეფასება დაყრდნობილ იქნება ობიექტურ ფაქტებზე.

- ერთობლივი შეთანხმებით განისაზღვრება ქალთა კვოტა მენეჯერულ და სხვა პოზიციებზე.

- კომპანიაში ვაკანსიების გაჩენის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება იმ პირებს, რომლებიც მუშაობდნენ ჭიათურაში ოპერირებად კომპანიებში. საჭიროების შემთხვევაში მოხდება კვალიფიკაციაა ამაღლება ან/და გადამზადება დასაქმების მიზნით. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მთელ რიგ სხვა საკითხებზე, მათ შორის იმ მოთხოვნებზე, რომლებიც პროფკავშირებმა დააყენა მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესში, გაგრძელდება მუშაობა შეთანხმების მიღწევის მიზნით".

მოვლენების ქრონოლოგია:

  • 2024 წლის ნოემბრიდან ჯორჯიან მანგანეზმა” ჭიათურაში საწარმოო პროცესს სრულად შეაჩერა. კომპანიამ მიზეზად სოფელ შუქრუთის მოსახლეობის "რადიკალური პროტესტი" დაასახელა. ამასთან, „ჯორჯიან მანგანეზი“ თანამშრომელთა ხელფასების 60%-ის ანაზღაურებისა დაზღვევის შენარჩუნების ვალდებულებას იღებდა, თუმცა როგორც მაღაროელები აცხადებდნენ, ხელფასების დარიცხვა ყოველ თვე გვიანდებოდა;
  • 2025 წლის თებერვალში კი კომპანიამ ხელფასი აღარ დარიცხა. ეს მოსახლეობის პროტესტის განახლების მიზეზი გახდა.
  • 28 თებერვლიდან მაღაროელებმა ჭიათურაში საპროტესტო აქციები დაიწყეს. ძირითადი მოთხოვნები: კუთვნილი ხელფასების დარიცხვა, კომპანიის [ჯორჯიან მანგანეზის] ჭიათურის მაღაროების მართვიდან გასვლა; მთავრობის მიერ მანგანუმის წარმოების ნაციონალიზაცია; ჭიათურელებისთვის ფონდის შექმნა, სადაც შემოსავლების 10% აკუმულირდება.
  • 7 მარტს „ჭიათურ მენეჯმენტს კომპანიმ“ „ჯორჯიან მანგანეზთან" შეთანხმებით, გადაწყიტა მაღაროებში მიწისქვეშა სამუშაოების აღარ განეახლებინა. ჭიათურის მაღაროების მმართველი კომპანია ასევე განმარტავს, რატომ ვერ გადაუხადეს თებერვალში დასაქმებულებს ხელფასი. 12 მარტს კი კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თქვა, რომ „მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, კომპანია აქტიურად მუშაობს საკომპენსაციო პირობების განსაზღვრაზე, რომ საბოლოო ჯამში, სამწუხაროდ, დაემშვიდობოს თანამშრომლებს კომპენსაციებისა და მიმდინარე დავალიანების გადახდით“;
  • 14 მარტს ცნობილი გახდა, რომ შპს „ჭიათურის მენეჯმენტ კომპანიმ“ და მასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გაკოტრების რეჟიმით გადახდისუუნარობის საქმის დაწყების მოთხოვნით მიმართა. პროფკავშირების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ მოთხოვნის მიზანს წარმოადგენს კოლექტიური ხელშეკრულებიდან გასვლა და ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისგან თავის არიდება;
  • პროფკავშირებმა მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოთხოვნით, დაუშვებლად იქნეს მიჩნეული შპს „ჭიათურის მენეჯმენტ კომპანისა“ და მასთან დაკავშირებული კომპანიების განცხადება. პროფკავშირების ცნობით, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ შპს ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის განცხადება დაახარვეზა.
  • 19 მარტს ჯანდაცვის სამინისტროში ჭიათურის მუნიციპალიტეტში მოქმედ, სამთო-მომპოვებელ კომპანიებში არსებული მდგომარეობა და დასაქმებულთა დათხოვნასთან დაკავშირებული საკითხები სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომაზე განიხილეს, სადაც ეკონომიკის, ჯანდაცვის, იუსტიციის, ინფრასტრუქტურის სამინისტროების და მთავრობის წარმომადგენელთან ერთად პროფკავშირებიც მონაწილეობდნენ.
  • 25 მარტს მაღაროელებმა საპროტესტო აქცია თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართეს. მთავარი მოთხოვნა მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრა იყო. დედაქალაქში პროტესტი უშედეგოდ დასრულდა. ამავე დღეს საინიციატივო ჯგუფის წევრებმა პროფკავშირებს უნდობლობა გამოუცხადეს. კომისიის მუშაობის შედეგად დასაქმებულებს 2 თვის ხელფასის 60% დაერიცხათ.
  • 16 აპრილს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სამუშაო ჯგუფის მუშაობის შედეგად შეჯერდნენ, რომ კომპანია CMC მიწისქვეშა სამუშაოებს გარკვეული დათქმებით განაახლებდა. მთავარი პირობა რეორგანიზაცია იყო.
  • 22 მარტს კომპანიაში განაცხადეს, რომ მიწისქვეშა სამუშაოების აღდგენისა და რეორგანიზაციის პროცესს სამთო-მომპოვებელი კომპანია "საქნახშირის" გენერალური დირექტორი მიხაილ სოცკი უხელმძღვანელებდა.
  • 23 მარტს კი "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ" რეორგანიზციის დაწყების შესახებ განაცხადა და კრიზისიდან გამოსვლის გეგმა გამოაქვეყნა. პროფკავშირებში აცხადებენ, რომ რეორგანიზაციის თაობაზე შეტყობინება კომპანიას პროფესიული კავშირებისთვის არ გამუგზავნია და მათთვის უცნობია კომპანიის კონკრეტრული გეგმების შესახებ. გაერთიანება კომპანიას კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით დასაქმებულთა უფლებების დარღვევის გარეშე მოქმედებისკენ მოუწოდებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები