ინდოეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის, შაკტიკანტა დასის განცხადებით, შემდეგ გლობალურ ფინანსურ კრიზისს კრიპტო და ციფრული აქტივები გამოიწვევენ, რის გამოც აუცილებელია, რომ ყველა ქვეყნის მარეგულირებელმა დაუყოვნებლივ აკრძალოს მათი გამოყენება და რეალიზაცია, რათა კრიზისი თავიდან იქნეს არიდებული.
ინდოეთის ცენტრალური ბანკი უკვე წლებია მოითხოვს კრიპტოაქტივების აკრძალვას და შესაბამისი კანონპროექტი ინდოეთის საკანონმდებლო ორგანოშიცაა შეტანილი, თუმცა მთავრობა რადიკალური ნაბიჯის გადადგმისგან ჯერაც თავს იკავებს.
ბანკის განმარტებით, მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოს, რასაც ხელს უშლის ქვეყანაში ისეთი დაურეგულირებელი ფინანსური საშუალებების გავრცელება, როგორიც კრიპტოვალუტებია.
მთავარ გამოწვევებად ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი ფულის გათეთრებისა და არალეგალური ტრანზაქციების განხორციელების რისკებს ასახელებს, რომლის გაკონტროლების მექანიზმიც ქვეყნის შემოსავლების სამსახურს უბრალოდ არ გააჩნია.
დასის განცხადებით, საზოგადოება კრიპტოვალუტებიდან ციფრულ ვალუტაზე უნდა გადაერთოს, რომლის შექმნაზეც ამჟამად ინდოეთის ცენტრალური ბანკი აქტიურად მუშაობს და რამდენიმე წელში ის მთელი ქვეყნის მასშტაბით იქნება ხელმისაწვდომი. კრიპტოვალუტისგან განსხვავებით, ციფრულ ვალუტას, ანუ CBDC-ს ქვეყნის ცენტრალური ბანკი გამოსცემს და მისი ფასი ზუსტად იმეორებს ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსს.
აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებულ პოზიციას არ იზიარებს ინდოეთის ეკონომიკის სამინისტრო, რომელიც ციფრული ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობას და ქვეყანაში უცხოური ტექნოლოგიური კომპანიების მოზიდვას ისახავს მიზნად, მათ შორის, ბლოკჩეინ, WEB3, კრიპტო, მეტავერსულ და NFT ინდუსტრიებში წარმოდგენილი სტარტაპების.