შემოსავლების სამსახურმა ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც იგეგმება 80 ერთეული მსუბუქი, ჰიბრიდული ავტომობილის შესყიდვა. შესყიდვის საერთო სავარაუდო ღირებულება 6,366,240 ლარს შეადგენს. შესაბამისად, ერთი ავტომობილის მაქსიმალური სატენდერო ღირებულება 79,578 ლარს შეადგენს.
სახელმწიფო შესყიდვაში წინადადებების მიღება 11 ივნისს დაიწყება და 16 ივნისს დასრულდება.
ტენდერის პირობების მიხედვით, ავტომობილები უნდა იყოს სრულად ჰიბრიდული (HEV) ტიპის, ახალი (2025 წლის გამოშვება), განბაჟებული და ექსპლუატაციაში არმყოფი. მანქანების გარბენი არ უნდა აღემატებოდეს 200 კილომეტრს.
დოკუმენტაციის მიხედვით, მიწოდების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 245 კალენდარული დღეა. ავტომობილების ფერი შეთანხმდება შემსყიდველთან, თუმცა ტენდერის პირობებით, არ დაიშვება შავი ფერის მანქანების მიწოდება.
ტენდერში მონაწილეობისთვის კომპანიებს ევალებათ წარადგინონ ავტომობილის დეტალური ტექნიკური მახასიათებლები და ფლობის ხარჯების ანალიზი – მათ შორის საწვავისა და სერვისის ხარჯები 150,000 კმ გარბენის გათვლით. ფასთა წინადადებაში უნდა გათვალისწინებულ იქნეს რამდენიმე სავალდებულო სერვისიც, მათ შორის მინიმუმ შვიდჯერ წინა და ოთხჯერ უკანა ხუნდების მიწოდება, ასევე ტექნიკური მომსახურება საგარანტიო პერიოდის განმავლობაში.
ტენდერის პირობები მოიცავს საგარანტიო მომსახურებასაც – ავტომობილის ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, გადაცემათა კოლოფი, ჰიბრიდის სისტემა) 7 წლით ან 150,000 კმ გარბენით, ხოლო მთლიან მანქანაზე – 3 წლით. ასევე განსაზღვრულია მოთხოვნა მინიმუმ სამი სერვის ცენტრის არსებობაზე საქართველოში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში, სარემონტო მომსახურება უნდა განხორციელდეს თბილისში.
ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარადგინონ ოფიციალური იმპორტიორის ან დილერის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტები და დაადასტურონ სერვის ცენტრების არსებობა.




























