ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ამერიკის სენატის საშინაო უსაფრთხოებისა და სახელმწიფო საქმეთა კომიტეტის წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს.
საქმე ისაა, რომ სენატის კომიტეტმა რუსეთის მიერ ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვებისთვის გვერდის ავლის საკითხი განიხილა, სადაც აღინიშნა, რომ რუსეთი ამერიკულ სანქცირებულ კომპონენტებს სავარაუდოდ, მისი მეზობელი ქვეყნებისგან იღებს, დასახელებულ ქვეყნებს შორის არიან - საქართველო, სომხეთი, ფინეთი, თურქეთი და ყაზახეთი. რესპუბლიკელმა სენატორმა, რონ ჯონსონმა აღნიშნა, რომ აშშ-მა ამ საკითხზე მეტი ყურადღება უნდა გაამახვილოს, ხოლო სენატორ რიჩარდ ბლუმენტალის თქმით, საქართველო არის იმ ქვეყნებს შორის, სადაც კონკრეტული ამერიკული კომპანიების პროდუქციის ექსპორტი გაზრდილია.
ამ განცხადებას პასუხობს შემოსავლების სამსახური, სადაც აღნიშნავენ, რომ დასახელებული რიცხვები სიმართლეს არ შეესაბამება, ხოლო განცხადებების თაობაზე მათ ამერიკელ კოლეგებს უკვე მიმართეს.
"კომიტეტზე დასახელებული საქართველოსა და აშშ-ის შორის სავაჭრო სტატისტიკა არ ასახავს რეალურ მონაცემებს. გარდა ამისა, კომიტეტზე არ წარმოდგენილა არცერთი კონკრეტული ფაქტი, რომელიც დაადასტურებდა საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების დარღვევის შემთხვევას.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა უკვე მიმართა ამერიკელ კოლეგებს და მოთხოვნილია განმარტება თუ რა მტკიცებულებების საფუძველზე გაკეთდა საქართველოსთან მიმართებით აღნიშნული განცხადება. კონკრეტული მტკიცებულების არსებობის შემთხვევაში, ამერიკულ მხარეს ეთხოვა მათი გაზიარება ქართული მხარისთვის.
შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ საქართველო სრულად იცავს საერთაშორისო სანქციებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და კოორდინირებულად მუშაობს პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ამ მიმართულებით.
ამ ეტაპისთვის, არ არსებობს საპირისპიროს დამადასტურებელი არცერთი შემთხვევა. კოლეგების მხრიდან კონკრეტული მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, საზოგადოებას დამატებით მივაწვდით ინფორმაციას,”- ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
სენატორები სანქციებისგან თავის არიდების შესაძლო ფაქტებზე:
"ამ ოთხი ტექნოლოგიური კომპანიიდან (Intel, AMD, TI, Analog Devices), ექსპორტი ასტრონომიულად გაზრდილია ყაზახეთში, 2021-დან 2022 წლამდე გაათასმაგებულია, ამავე პერიოდში საქართველოში ექსპორტი გაიზარდა 34-ჯერ, სომხეთში 28-ჯერ, თურქეთში ექსპორტი გაორმაგდა და ფინეთში 1.5-ჯერ გაიზარდა." – აღნიშნა ბლუმენტალმა.
“ექსპორტზე დაწესებული ფართო კონტროლის მიუხედავად, ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ რუსეთის სამხედრო შეიარაღებაში არის ბევრი დასავლური ქვეყნის კომპონენტი. ფირმების 70%-ზე მეტი. სიცხადისთვის, ქვედა კომიტეტს არ მიუღია რაიმე სახის მტკიცებულება, რომ სამხედრო კომპონენტების, როგორიცაა ნახევარგამტარები, მწარმოებლები აშშ-ს ექსპორტის კონტროლს არღვევენ. ამის ნაცვლად, წინასწარი ინფორმაციით, როგორც ჩანს, არასანქცირებული ქვეყნები, კერძოდ სომხეთი, ფინეთი, საქართველო, ყაზახეთი და თურქეთი აშშ-დან კომპონენტების იმპორტირებას ლეგალურად ახდენენ, შემდეგ, პირდაპირ, ან ირიბად, რუსეთში ნახევარგამტარები საბოლოო მომხმარებლამდე ექსპორტად გააქვთ,”- განაცხადა რონ ჯონ ჯონსონმა.