საქართველოს შემოსავლების სამსახურმა 2025 წლის 2 სექტემბერს გამოსცა ახალი ბრძანება №19043, რომლის შედეგადაც მნიშვნელოვნად შეიცვალა გადასახადის გადამხდელთა პირად აღრიცხვის ბარათებზე ჯარიმის აღიარებისა და რეგისტრაციის წესი. ცვლილება შეეხო 2016 წლის მოქმედ დოკუმენტს — შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებას №13446, რომელიც განსაზღვრავდა, როგორ ხდებოდა გადასახადის გადამხდელთა პირად ბარათებზე ოპერაციების ჩაწერა და აღრიცხვა.
BDO-ს იურიდიული მიმოხილვის თანახმად, ახალი რეგულაციით, რომელიც მე-4 მუხლს დაემატა დამატებით 7² პუნქტის სახით, შემოსავლების სამსახურმა დაადგინა უფრო მოქნილი მექანიზმი დღგ-ის (დამატებული ღირებულების გადასახადის) გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის შემთხვევებზე დარიცხული ჯარიმების შემცირებისთვის.
კერძოდ, თუ კომპანია ან ფიზიკური პირი აღიარებს სსკ-ის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დარიცხულ ჯარიმას (რაც წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების 5%-ს იმ შემთხვევაში, როდესაც საქმიანობა ხორციელდება რეგისტრაციის გარეშე), მაგრამ მოგვიანებით დაზუსტდება, რომ მისი დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების მოცულობა უფრო მცირეა, ჯარიმის ოდენობა ავტომატურად შემცირდება.
ეს ნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს აღარ დასჭირდება საგადასახადო მოთხოვნის ხელახლა გაცემა ან დამატებითი განცხადებების წარდგენა - სისტემა თავად შეამცირებს ჯარიმას იმავე პროპორციით, რაც განსაზღვრულია კანონით.
ახალი წესი უკვე ძალაშია და ვრცელდება ყველა იმ შემთხვევაზე, როდესაც დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე განხორციელებული საქმიანობის პერიოდში დაფიქსირებული ოპერაციები შემდგომში კორექტირდება.
სავარაუდოდ აღნიშნული ცვლილების მიზანია გადასახადის აღრიცხვის პროცესის ეფექტიანობის გაუმჯობესება და გადასახადის გადამხდელთა უფლებების დაცვა იმ შემთხვევებში, როცა საგადასახადო ოპერაციები შემდგომში ზუსტდება ან იცვლება.




























