მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შემოვა თუ არა Trendyol-ი საქართველოში? - ინტერვიუ კომერციული გაყიდვების ხელმძღვანელთან

ტრენდიოლი

თბილისში ელექტრონული კომერციის პირველი დღე გაიმართა, რომელსაც "იქომერს ასოციაცია საქართველომ" უმასპინძლა. BMG-სთვის საინტერესო ერთ-ერთი კომპანია - ონლაინვაჭრობის თურქული გიგანტი, Trendyol-ია, რომელიც ბოლო თვეებში საქართველოში ძალიან პოპულარული გახდა. Trendyol-ის პოპულარობაზე სტატისტიკაც მიუთითებს. 2023 წლის პირველ ცხრა თვეში საქართველოში შემოსული ამანათების თითქმის 30% სწორედ თურქეთიდან შემოდის, Trendyol-ი კი ამ ქვეყანაში უდიდესი ონლაინ პლატფორმაა.

თურქული პლატფორმის ქართველ მომხმარებლებზე, Trendyol-ის გეგმებზე და საქართველოში ონლაინ-პლატფორმის ამოქმედების შესაძლებლობაზე კომპანიის კორპორაციული გაყიდვების ხელმძღვანელთან, ომარ კულაკლიკაიასთან ვისაუბრეთ.

- ომარ, პირველ რიგში მინდა გკითხოთ Trendyol-ისა და საქართველოს ურთიერთობაზე. 2023 წლის პირველი ცხრა თვის მონაცემებით, ამანათების იმპორტის თითქმის 30% თურქეთზე მოდის. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბოლო თვეებში, საქართველოში Trendyol-ის სერვისზე მოთხოვნამ მკვეთრად იმატა. ამ კონტექსტის გათვალისწინებით მინდა გკითხოთ, რა დინამიკას ხედავთ საქართველოსთან მიმართებით და ფიქრობთ თუ არა საქართველოში გაფართოებას მომდევნო თვეებისა თუ წლების განმავლობაში?

- სხვადასხვა ადამიანებისა და მომხმარებლისგან დიდ მოთხოვნას ვხედავთ და ვაწარმოებთ რა მონაცემების მონიტორინგს ჩვენს პლატფორმაზე. გეტყვით, რომ საქართველო მეორე ქვეყანაა რეგიონში, აზერბაიჯანის შემდეგ, Trendyol-ზე განთავსებული პროდუქტების მიმართ მოთხოვნის კუთხით. საქართველოს მოსახლეობა ძალიან ახალგაზრდაა, ხოლო მობილური მოწყობილობების პენეტრაციის მაჩვენებელი ძალიან მაღალია - ყველა სმარტფონს იყენებს. ეს ინდიკატორები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როცა გაფართოებაზე ვფიქრობთ და საქართველოში დიდ პოტენციალს ვხედავთ და იმედი მაქვს, ახლო მომავალში საქართველოს შევუერთდებით.

- საქართველოში ოფისის, ერთგვარი ლოგისტიკური ჰაბის გახსნას გულისხმობთ თუ საფოსტო სერვისის ჩამოყალიბებაზე ფიქრობთ? ამ ეტაპზე, როგორც იცით, შუამავალი საფოსტო კომპანიები ოპერირებენ, რომლებსაც თურქეთში საწყობები აქვთ, საიდანაც ამანათებს საქართველოში გზავნიან. ამ მიმართულებასაც ხომ არ უყურებთ?

- რამდენიმე მოდელი გვაქვს - შეიძლება არსებულ კომპანიებთან ვითანამშრომლოთ ან ოპერაციები გავაფართოოთ და ეს მიმართულება ჩვენით ვმართოთ, მაგრამ არასდროს ვამბობთ უარს შუამავალ კომპანიებზე. ვცდილობთ, მომხმარებელს უკეთესი გამოცდილება შევთავაზოთ, ანუ თუ ის ნივთს ყიდულობს და პრობლემას აწყდება, საშუალება უნდა ჰქონდეს Trendyol-ის გუნდს დაუკავშირდეს, რადგან ასე დაცულები იქნება. ამიტომაცაა, შუამავალ კომპანიებს რომ ვესაუბრებით და ვარკვევთ, როგორია ბაზარზე არსებული მოთხოვნა.

- საქართველოსთან დაკავშირებით კიდევ ერთ კითხვას დაგისვამთ. შეუძლიათ თუ არა ქართველ მწარმოებლებს, ქართულ კომპანიებს Trendyol-ზე პროდუქტების გაყიდვა და თუ კი, გეგმავთ თუ არა ამ მიმართულებით გაფართოებას?

- ჩვენი ფილოსოფია ასეთია: გვსურს, ვაჭრობა ორმხრივი ურთიერთობა იყოს. ქვეყანაში რომ შევდივართ, გვსურს ადგილობრივმა მწარმოებლებმა პროდუქტი თურქეთში ექსპორტზე გაიტანონ და ის თურქეთშივე გაყიდონ და იქიდან სხვა ქვეყნებში გაიტანონ. საქართველოში, ამ კუთხით, ადგილობრივ მწარმოებლებს დავუკავშირდებით.

- ცოტა ხნის წინ, Trendyol-მა ონლაინვაჭრობის გიგანტი კომპანიისგან, ჩინური Alibaba-სგან ორი მილიარდი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა. რა არის ამ ინვესტიციის მიზანი და გეგმავთ თუ არა საერთაშორისო გაფართოებას, სადაც დიდ მოთამაშეებს გაუწევთ კონკურენციას?

- Alibaba ერთ-ერთია ჩვენს ინვესტორებს შორის და ეს ინვესტიცია დიდი და მნიშვნელოვანია, მით უფრო, რომ ის ჩინეთიდანაა. თუმცა სხვა ინვესტორებიც გვყავს, მათ შორის იაპონიიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და გერმანიიდან. Alibaba-სთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, რადგან ორ კომპანიას შორის ნოუჰაუს გაზიარების საშუალება გვაქვს. თურქეთი სტრატეგიულად მდებარეობს ახლო აღმოსავლეთში და ამ რეგიონს ევროპასთან აკავშირებს - ეს ერთი დადებითი მხარეა. მეორე პლუსი კი ისაა, რომ ტანსაცმლის საკუთარი ბრენდული წარმოება გვაქვს, ანუ თურქეთში ტანსაცმლისა და მოდის პროდუქტების წარმოება უფრო იაფი ხდება. Alibaba და ჩვენი ინვესტორები ჩვენში დიდ რეგიონულ საექსპორტო პოტენციალს ხედავენ და ვგეგმავთ ვიქცეთ, როგორც დიდ რეგიონულ, ასევე გლობალურ მოთამაშედ - ერთ-ერთ უდიდეს პლატფორმად მსოფლიოში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები