ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომა, სადაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები უნდა შეაჯამონ ხმაურით დაიწყო.
ცესკოს ოპოზიციონერმა წევრმა დავით კირთაძემ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილს შავი ფერის სითხე შეასხა. ამ დროისთვის ცესკოს სხდომა შეჩერებულია.
"თქვენ ხართ ყველაზე ცუდი თავმჯდომარე, ვისაც კი ჩვენი ქვეყნისთვის რაიმე ცუდი გადაწყვეტილება შეეძლო მიეღო...“ - განაცხადა სხდომაზე გამოსვლისას დავით კირთაძემ, რის შემდეგაც კალანდარიშვილმა მას მიკროფონი გაუთიშა და უთხრა, რომ რეგლამენტით გათვალისწინებული 2 წუთი მას ამოეწურა. კირთაძე მას სიტყვის დასრულებას სთხოვდა, თუმცა კალანდარიშვილი მას გაძევებით დაემუქრა.
დავით კირთაძემ მას მიმართა: „რეგლამენტის დაცვა თუ გინდოდა, სხვა რამეში დაგეცვა. შენ ხარ ჩვენი ქვეყნის სირცხვილი, ჩვენი ქვეყნის შავი ლაქა. შენი რეალური სახე რა არის გითხრა? - ეს შავი ლაქა“ - ამ სიტყვების შემდეგ ცესკოს ოპოზიციონერმა წევრმა ხელში ჭიქა აიღო და გიორგი კალანდარიშვილს ჭიქაში არსებული მუქი ფერის სითხე სახეში შეასხა.
პარალელურ რეჟიმში ცესკოს მიმდინარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ტერიტორიაზე კი მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები, ცესკოს შესასვლელები კი დაკეტილია.