მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"შენობა არის მე-3 კატეგორიის ავარიული და ეს იძულებით გაყვანას ან შემოღობვას არ გულისხმობს" - ნიკოლოზ კახეთელიძე სადგურის მოედანზე სახლის ჩამონგრევაზე

სს

თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე, ნიკოლოზ კახეთელიძე აცხადებს, რომ სადგურის მოედანზე ჩამონგრეული შენობა მე-3 კატეგორიის ავარიულია.

მისი თქმით, ეს კატეგორია შენობიდან მაცხოვრებლების იძულებით გაყვანას ან ტერიტორიის შემოღობვას არ გულისხმობს.

"მე ვარ ინჟინერი და ამას ვუყურებ, როგორც საინჟინრო ნაგებობას. ეს არის დაახლოებით, 50-იანი წლების შენობა, როცა რკინა-ბეტონის კონსტრუქციები არ იხმარებოდა. შესაბამისად, ის პარაპეტი, რაც ჩამოინგრა თავის დროზე დეკორაციისთვის ნახმარი ელემენტი იყო. შენობა არის მესამე კატეგორიის და მე-3 კატეგორია არ გულისხმობს, რომ შენობა უნდა შემოიღობოს. მესამე კატეგორიის ავარიულობა იძულებით გაყვანას არ გულისხმობს.

ახლაც კი, როცა მიმდინარეობს მოსახლეობის გაყვანის ღონისძიება, ახლაც აღმოჩნდნენ ადამიანები რომლებსაც გასვლა არ უნდათ შენობიდან. ასეთი შენობები თბილისის მერიას მემკვიდრეობით გადმოეცა და ასეულობით ასეთი შენობაა.

დასკვნა არსებობს, რომ ეს არის მესამე კატეგორიის. ამ დასკვნის საფუძველზე გამგეობამ მიმართა მაცხოვრებლებს, რომ გასულიყვნენ. ოქმებია შედგენილი და ამ ოქმებს წარმოგიდგენენ შესაბამისი სამსახურები, სადაც უარს ამბობენ გასვლაზე", - განაცხადა მან.

მანამდე კახა კალაძემ თქვა, რომ კორპუსს, იყო ავარიული და მინიჭებული ჰქონდა მე-5 კატეგორიის ავარიულობა.

შეგახსენებთ, რომ სადგურის მოედანზე საცხოვრებელი კორპუსის სახურავის ნაწილი ჩამოინგრა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, ამ დრომდე ორი ადამიანია დაღუპული, ერთი კი დაშავებულია, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები