მოსკოვის შერემეტიევოს საერთაშორისო აეროპორტი პერსონალის 40%-ს, რაც დაახლოებით 7 ათასი ადამიანია, შვებულებაში უშვებს. ამის შესახებ Guardian წერს.
გამოცემის ინფორმაციით, რუსეთის ყველაზე დიდ აეროპორტში ფრენები თებერვლის ბოლოდან თანდათან შემცირდა ანუ მას შემდეგ, რაც რუსეთს მსოფლიოს 30-ზე მეტმა ქვეყანამ საჰაერო სივრცე დაუკეტა. შედეგად რუსული ავიაკომპანიები ძირითადად შიდა ფრენებს ასრულებენ.
თანამშრომლებს გადაწყვეტილება აეროპორტის გენერალურმა დირექტორმა მიხაილ ვასილენკომ შეატყობინა. შვებულებაში გაშვების მიზეზად ვასილენკო ტრაფიკის “კრიტიკულად” შემცირებასა და რუსეთისთვის საჰაერო სივრცის ჩაკეტვას ასახელებს. ამას გარდა, აეროპორტმა ყველა სამომავლო ინვესტიციის შეჩერების შესახებ განაცხადა და ერთ-ერთი ტერმინალი დახურა. ამას გარდა, როგორც Guardian წერს, შვებულებაში გაშვებულ თანამშრომლებს ხელფასის მესამედს გადაუხდიან და სამსახურს შეუნარჩუნებენ.




























