არსებობს შესაძლებლობა, რომ დეკემბრის ბოლოს ევროპამ მიიღოს გადაწყვეტილება მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, თუმცა მანამდე უნდა იყოს პროგრესი ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა.
ელჩის თქმით, წელს ვადები უფრო შემჭიდროვებულია, რადგან ზაფხულში ევროპარლამენტში არჩევნები იქნება.
„წელს ვადები უფრო შემჭიდროვებულია, რადგან ზაფხულში ჩვენ გვექნება არჩევნები ევროპარლამენტში, საქართველოშიც იქნება არჩევნები. მნიშვნელოვანია სწრაფად წინსვლა ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით. ვიმედოვნებთ, რომ კარგი პარტნიორობა გვექნება საქართველოს მთავრობასთან სწრაფი წინსვლისთვის, რადგან ჩვენ ერთი მიზანი გვაქვს“, – განაცხადა ფიშერმა.
ამასთან, კითხვაზე, შეძლებენ თუ არა ოპოზიცია და მთავრობა ერთობლივად მუშაობას, საქართველოში გერმანიის ელჩი პასუხობს: „ვიმედოვნებთ, რომ შეძლებენ, ეს მათზეა დამოკიდებული. ჩვენ არ წარმოვადგენთ მხარეს პარლამენტში“.
მისივე თქმით, განსხვავებულმა ჯგუფებმა ერთად მუშაობის გზა უნდა იპოვონ.
„ცხრა ნაბიჯიდან ერთ-ერთი არის დეპოლარიზაციის მიმართულებით პროგრესის მიღწევა. პოლარიზაცია არის გამოწვევა ბევრ ქვეყანაში, მათ შორის გერმანიაში. დემოკრატიული ცხოვრებისთვის სასარგებლო არ არის, თუკი მეორე მხარის ლეგიტიმურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებ. დემოკრატიულ საზოგადოებებში არის განსხვავებული ჯგუფები და მათ უნდა იპოვონ ერთად მუშაობის გზა, ერთმანეთს პატივი სცენ და ერთმანეთის არჩევანისადმი შემწყნარებლები იყვნენ. სხვა გზა არ არსებობს, ეს არ არის „ყველაფერი ან არაფერი“, – აღნიშნა პეტერ ფიშერმა.