ორნიშნა ეკონომიკური ზრდა (10.6%), გაზრდილი ექსპორტი, ფულადი გზავნილები, ეროვნული ბანკის მკაცრი მონეტარული პოლიტიკა და მის შედეგად შემცირებული რეფინანსირების სესხები და ასევე, 700 მლნ ლარის შემცირებული ფულის მასა (M2) - ეს ის ძირითადი ფაქტორებია, რომელთაც „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი ზარქუას აზრით, ბოლო პერიოდში ეროვნული ვალუტის კურსის გამყარების ტენდენცია შექმნა.
ამასთან, bm.ge-სთან საუბარში ზარქუა იმასაც აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, ლარის კურსის გამყარებას ნახტომისებური ხასიათი არ ჰქონდეს და ბაზარზე არასწორი მოლოდინები არ შეიქმნას.
„არც რადიკალური გამყარებაა კარგი და არც რადიკალური გაუფასურება; ეროვნული ვალუტის კურსი უნდა იყოს პროგნოზირებადი. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც ბიზნესისთვის, ისე ნებისმიერი ინიციატივისთვის და ეროვნული ბანკი ამ ყველაფრის სადარაჯოზეა“, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.
„ოცნების“ დეპუტატი მიმდინარე წლის განმავლობაში როგორც ლარის გამყარების ტრენდის გაგრძელებას, ისე ინფლაციის შემცირებას ელის.
„გასული წლის დეკემბერში ვამბობდით, რომ 2022 წლიდან დაიწყებოდა ლარის გამყარება და ახლა მნიშვნელოვანია, ეროვნული ვალუტის გამყარება ინფლაციის შემცირებაში გადაიზარდოს.
მნიშვნელოვანია, რომ დეფიციტური ხარჯვა, რომელიც პანდემიიდან გამომდინარე შარშან გვქონდა, არ იყოს... ასევე, მეორე მხრივ, მთავრობის და ეროვნული ბანკის შეთანხმებული, კოორდინირებული მუშაობა და გადაწყვეტილების მიღება საშუალებას მოგვცემს, ლარი იყოს სტაბილური და იმ ნიშნულზე, რაც ჩვენი ეკონომიკითაა განპირობებული.
1 დოლარის ფასი 1.7 ლარი ვერ იქნება. ეს იცით და ვიცით... თავს ნუ მოვიტყუებთ, მაგრამ შესაძლებლობა არის, რომ ლარის კურსი 2.5-2.8 ლარის ფარგლებში დასტაბილურდეს.
ჩვენ ყველას გვაქვს მოლოდინი, რომ ინფლაცია იქნება იმ პარამეტრებთან ახლოს, რაც არის მიზნობრივი ნიშნული - ესაა 4.5-5%-ის ფარგლებში, რაც ხელს შეუწყობს იმას, რომ ბაზარზე ფასები დასტაბილურდეს. ეს მოლოდინი გვაქვს და ამ პროგნოზებისგან რადიკალური გადახვევა არ იქნება“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
8 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 2.8 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.92 ლარს შეადგენს. ლარი დოლართან მიმართებით ასეთი მყარი ბოლოს 2020 წლის მარტში იყო. სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 3.31 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.3338 ლარი გახდა. ევროსთან მიმართებით ლარი ასეთი მყარი ბოლოს 2020 წლის მარტში იყო.




























