მილანში, იტალიის ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ ქალაქში, ჰაერის დაბინძურების დონე დასაშვებზე 3-ჯერ მაღალია, რის გამოც მისი მერი, ჯუზეპე სალა, 2024 წლიდან ქალაქის ცენტრში ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვის ინიციატივით გამოდის. მერის მიზანი მეტროპოლისში 1.4 მილიონი მოქალაქისთვის უკეთესი საცხოვრებელი პირობის შექმნაა, რის გამოც შესაბამისი ზომების მიღებაც მოუწევს - კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, იგი ძალაში 2024 წლიდან შევა.
მილანის ცენტრში კერძო ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვაზე ცნობილი გასულ კვირას, მდგრადი განვითარების ფესტივალზე გახდა ცნობილი, სადაც ჯუზეპე სალამ კანონპროექტი ისტორიულ გადაწყვეტილებად შეაფასა. ქალაქის ცენტრში ავტომობილების გადაადგილება კამერების დახმარებით გაკონტროლდება - ნებისმიერი პირი, ვინც ქალაქის ცენტრში ავტოფარეხს ან საპარკინგე ადგილს არ ფლობს, გარდა ტაქსებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტისა, დაჯარიმდება. შეზღუდვა მილანის ყველაზე ხალხმრავალ ადგილებს ქვეითებისთვის უფრო ადვილად ხელმისაწვდომს გახდის.
მერის ამ გადაწყვეტილებას კრიტიკის გარეშე არ ჩაუვლია. კანონპროექტის მოწინააღმდეგეები ფიქრობენ, რომ ქალაქის ცენტრში კერძო ავტომობილებით გადაადგილება მხოლოდ დასაწყისია და, სულ მალე, სალა მილანს უავტომობილო ქალაქად აქცევს.
ჯერჯერობით უცნობია, როგორ წარიმართება მილანის ცენტრში მანქანებით გადაადგილების პროცესი, თუმცა უკვე ვიცით, რომ ჯუზეპე სალა ერთადერთი არ არის, ვინც ჰაერის დაბინძურების დონის დასაწევად ამ ზომას მიმართავს - მომავალი წლიდან ქალაქის ცენტრში ბენზინისა და დიზელის ავტომობილებით გადაადგილება სტოკოლმშიც აიკრძალება.