ეკონომიკის დოქტორი, Hegelmann Georgia ბიზნესის განვითარების მენეჯერი სალომე დანელია აცხადებს, რომ შესაძლოა ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტმა და შედეგად, ჰორმუზის სრუტით გადაზიდვების შეფერხებამ, შუა დერეფანზე მოთხოვნა გაზარდოს. მან ამის შესახებ "საქმიანი დილის" ეთერში განაცხადა.
საქმე ისაა, რომ ჰორმუზის სრუტის მიმართულებით შექმნილი ნავთობისა და ტვირთბრუნვის შეფერხების მოლოდინი გავლენას ახდენს ენერგომატარებლების ფასებზე და გლობალურ მიწოდების ჯაჭვებზე.
სალომე დანელიამ შეაფასა, რა საფრთხეები არსებობს სატრანზიტო დერეფნებისთვის და როგორ შეიძლება აისახოს ეს საქართველოსა და შავი ზღვის მარშრუტებზე.
"ირანში შექმნილი საომარი მდგომარეობა, ცხადია გამოიწვევს ჰორმუზის სრუტის შეზღუდვას ანუ ჩაკეტვას (ოფიციალურად არ არის ჩაკეტილი, მაგრამ საშიშროება არსებობს), რაც თავისთავად უკვე სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ნავთობის ექსპორტირებას ზღუდავს. ეს პირდაპირპროპორციულად აფერხებს მიწოდებას და მოთხოვნა-მიწოდების კორელაციიდან გამომდინარე, როცა მოთხოვნა მზარდია, გაზრდის ფასებს ნავთობის მიმართულებით.
მოგეხსენებათ, ჰორმუზის სრუტესთან მდებარეობს ირანის პორტი - ბანდარ-აბასის პორტი. მიუხედავად იმისა, რომ ეს პორტი დასანქცირებულია, ჩინური, ინდოეთის და ახლო აღმოსავლეთის პორტებიდან მაინც ხდება გარკვეული ტვირთნაკადების გადაზიდვა, რაც გარკვეულწილად ფოთისა და ბათუმის პორტებს უწევს კონკურენციას. დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, შესაძლოა საქართველოს სავაჭრო კორიდორზე ამ ფაქტორებმა პირიქით, დადებითადაც იმოქმედოს.
მოგეხსენებათ, ჩვენს შუა დერეფანს ჰყავს ერთი მთავარი კონკურენტი და კონკურენცია ფასში გამოიხატება - ეს გახლავთ საზღვაო სამხრეთ კორიდორი, რომელიც გულისხმობს ჩინეთიდან და ცენტრალური აზიიდან ტვირთების გატარებას აფრიკის შემოვლით, ხმელთაშუა ზღვით და შემდეგ შავი ზღვით. დროის მხრივ საკმაოდ დიდი მარშრუტია, თუმცა საფასო კუთხით კონკურენტუნარიანი. ახლა, თუ ნავთობზე ფასი გაიზრდება ჰორმუზის სრუტის შეზღუდვით, საზღვაო ხაზი დააკომპენსირებს ამას ტრანსპორტირების ხარჯის გაზრდით. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია აქტიური გახდეს სარკინიგზო, სახმელეთო და მათ შორის ფოთის პორტის გამოყენებით ტრანზიტული ტვირთის გატარება ევროპაში.
რიცხვებში რომ გადავიტანოთ: მაგალითად, ჩინეთიდან ბაქომდე, ჩინეთიდან ფოთამდე სარკინიგზო გადაზიდვის ღირებულება დაახლოებით 6 000 დოლარია (40-ფუტიანი კონტეინერი), მაშინ როდესაც საზღვაო გზით ეს დაახლოებით 4 000 დოლარია. როგორც აღვნიშნე, საზღვაო ხაზი ნავთობის ფასის მატების საპირწონედ, ეცდება ამის დაკომპენსირებას ტრანსპორტირების გაძვირებით, ამან შესაძლოა შუა დერეფანზე მოთხოვნას გაზარდოს.
შემდეგი ფაქტორია ის, რომ ტვირთნაკადები ბანდარ-აბასის პორტიდან შესაძლოა გადმოვიდეს ფოთისა და ბათუმის პორტების მიმართულებით. ამას ექნება ორმაგი ეფექტი: დაიტვირთება როგორც საზღვაო მომსახურება, ისე სახმელეთო, სარკინიგზო და სამანქანო ტრანსპორტირება",- აღნიშნავს სალომე დანელია.
ამასთან, მან ხაზის გაუსვა, რომ საქართველოს გაზრდილი ტვირთნაკადის მიღების შეზღუდული შესაძლებლობა აქვს და ამ მიმართულებით გამტარუნარიანობა თუ ინფრასტრუქტურის საკითხი გამოწვევაა.
"უნდა აღვნიშნოთ, რომ თუნდაც ფოთის პორტის გამტარუნარიანობა უკვე მაქსიმალურად გამოყენებულია. ეს ნიშნავს, რომ გამტარუნარიანობა არის გასაზრდელი, რომ შევძლოთ ტვირთნაკადების გატარება. იგივე შემიძლია ვთქვა რკინიგზის გამტარუნარიანობაზეც. აქ უკვე შეფერხება ხდება ინფრასტრუქტურული გამოწვევებიდან გამომდინარე. ამიტომ, თუკი ეს მოლოდინი გამართლდება, შესაბამისი მზაობა უნდა გვქონდეს, რომ ეს ტვირთნაკადები მივიღოთ და გამოვიყენოთ როგორც დამატებითი შესაძლებლობა და შემოსავალი ქვეყნისთვის",- განაცხადა სალომე დანელიამ.
ირანზე აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეში შექმნილი კრიზისი გლობალურ გადაზიდვებს დარტყმას აყენებს. კონტეინერმზიდი ოპერატორის, Ocean Network Express (ONE)-ის აღმასრულებელი დირექტორის, ჯერემი ნიქსონის განცხადებით, ამ დროისთვის სრუტეში ბლოკირებულ 750 გემს შორის, დაახლოებით 100 კონტეინერმზიდია.




























