მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შესაძლოა, უახლოეს მომავალში მიკრობანკის ლიცენზიაზე ახალი განაცხადები ვიხილოთ - ნინო დევდარიანი

ნინო დევდარიანი

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციაში აცხადებენ, რომ რამდენიმე შედარებით მსხვილ მისოს მიკრობანკის ლიცენზიის მიღების სურვილი აქვს.

როგორც ასოციაციის თავმჯდომარემ, ნინო დევდარიანმა BMG-ის განუცხადა, ერთ-ერთი გამოწვევა მიკრობანკად გარდაქმნისას პორტფელის კომპოზიციაა, რომლის დიდი წილიც ბიზნეს სესხებზე უნდა მოდიოდეს.

ნინო დევდარიანი ამბობს, რომ არაა გამორიცხული უახლოეს ხანებში ეროვნულ ბანკში მიკრობანკის ლიცენზიაზე ახალი განაცხადებიც შევიდეს.

“იმისათვის, რომ შევაფასოთ, რამდენად შესაძლებელია ახალი ორგანიზაციების შემოსვლა მიკრობანკების სექტორში, ამისთვის, პრინციპში, უნდა ვთქვათ ის ძირითადი მოთხოვნა, რაც მიკრობანკებს აქვთ და არ აქვთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს.

პირველ რიგში, ეს არის, რა თქმა უნდა, კაპიტალის უფრო დიდი მოთხოვნა. თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაარსება შესაძლებელია მილიონიანი კაპიტალით, მიკრობანკების შემთხვევაში ეს უკვე ათმაგია და 10 მილიონი ლარი სჭირდებათ იმ ორგანიზაციებს, ვინც ტრანსფორმაციას განიხილავენ მიკროსაფინანსო სექტორიდან მიკრობანკების სექტორში.

მეორე და ასევე მნიშვნელოვანი, დათქმა – ეს არის პორტფელის კომპოზიცია და აქ საუბარია, რომ მათი სესხების და პორტფელის უდიდესი ნაწილი, მისი წილი, ჯერჯერობით 70% და მეტი უნდა იყოს ასევე ბიზნეს სესხები და დაკრედიტება ამ მიმართულებით.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში ინტერესი მართლაც არსებობს გარკვეულწილად მიკრობანკად ტრანსფორმაციის მიმართულებით. ეს ეხება უფრო მსხვილ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, რომლებიც აკმაყოფილებენ კაპიტალის მოთხოვნებს და მათგან ინტერესი არის, თუმცა გარკვეულწილად მაინც გამოწვევად რჩება პორტფელის კომპოზიციის ნაწილი. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ამ გამოწვევის დაძლევას ორგანიზაციები შეძლებენ, პრინციპში, შეიძლება უახლოეს მომავალში ახალი განაცხადები მივიღოთ სექტორში შემოსვლის მიმართულებით.

ძირითადი დამაბრკოლებელი ფაქტორი ეს არის მაინც ზომა გარკვეულწილად ორგანიზაციების და კაპიტალის მოთხოვნების კუთხით და მეორე - მათი მზაობა უფრო მეტად ბიზნეს დაკრედიტებაზე, ბიზნეს მოდელის ორიენტირების კუთხით. ამ ეტაპზე ჯერჯერობით ორი-სამი ორგანიზაცია არის დაინტერესებული და დიდი იმედით ველოდებით მათ გადმოსვლას ამ სექტორში”, - განაცხადა ნინო დევდარიანმა.

ცნობისთვის, ამ ეტაპზე საფინანსო ბაზარზე ორი მიკრობანკია “ემბისი” და “კრისტალი”. 2026 წლის 4 თვეში ორი მიკრობანკის ჯამურმა წმინდა მოგებამ 7.1 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 33%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. “კრისტალმა” მიმდინარე წლის ოთხი თვე ₾5.9 მილიონი ლარის მოგებით დახურა, ხოლო “ემბისიმ “ 1.2 მილიონი ლარის მოგება აჩვენა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები