დაელოდება თუ არა „ქართული ოცნება“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტზე ვენეციის კომისიის პოზიციას? - ამ კითხვაზე საპასუხოდ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა თქვა, რომ საერთაშორისო გამოცდილება შესწავლილია და ყველაფერი თანხვედრაშია.
„ჩვენ ნანახი გვაქვს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, ვენეციის კომისიის დასკვნა უნგრეთთან დაკავშირებით. ყველაფერი არის შესწავლილი. თქვენი შეკითხვა ხომ შეეხება იმას, საზღვარგარეთის დასკვნები ნახეთო? და გპასუხობთ [დეპუტატებს]: ყველაფერი შესწავლილი გვაქვს და სრულ თანხვედრაშია. შესწავლილი გვაქვს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილება და ვენეციის კომისიის დასკვნა, რომელიც შეეხებოდა უნგრულ კანონმდებლობას. ასევე საფრანგეთის ბოლო გამოცდილება. სრულ თანხვედრაშია”, - თქვა ანრი ოხანაშვილმა.
თავის მხრივ, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ვენეციის კომისიის უამრავი დასკვნა არის ნანახი მსგავს რეგულაციებთან დაკავშირებით.
ცნობისთვის, კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის სტატუსს მიანიჭებს ნებისმიერ საზოგადოებრივ ორგანიზაციას თუ მედიას, რომელიც დაფინანსების 20%-ზე მეტს იღებს დონორული ორგანიზაციებისგან, საერთაშორისო ფონდებისგან თუ უცხოური ასოციაციებისგან. ამ ორგანიზაციებს უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში რეგისტრაცია და ფინანსური დოკუმენტაციების ამ რეესტრში ატვირთვა მოუწევთ. თუმცა, მნიშვნელოვანია გარემოება, რომ საგადასახადო მიზნებისთვის სახელმწიფო ნებისმიერი კომპანიის თუ არასამთავრობო ორგანიზაციის შემოსავლების და ხარჯების შესახებ ინფორმაციას ისედაც ხედავს, ხოლო ახალი რეესტრის შექმნა და ამ რეესტრისთვის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად რეგისტრაცია ორგანიზაციებისა და მედიის სტიგმატიზებას ისახავს მიზნად.