ჟენევაში დაგეგმილი მოლაპარაკებების წინ, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ისტორიული შეთანხმება მიღწევადია, თუ მხარეები პრიორიტეტს დიპლომატიას მიანიჭებენ.
როგორც ირკვევა, თეირანი მზადაა, მაღალგამდიდრებული ურანის მარაგის ნახევარი საზღვარგარეთ გააგზავნოს, დარჩენილი ნაწილი კი გააზავოს, ანუ ატომური ბომბის შექმნისთვის გამოუსადეგარი გახადოს. თუმცა ეს მოხდება იმ პირობით, თუ ვაშინგტონი ბირთვული პროგრამის მშვიდობიანი მიზნებისთვის შენარჩუნების უფლებას მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ დათმობის სანაცვლოდ ირანს ასევე სურს იმ სანქციებისაგან გათავისუფლება, რომელიც მას ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაადო და რომელიც ქვეყნის ეკონომიკას მძიმე ტვირთად აწვება.
თავის მხრივ, თეთრი სახლის ადმინისტრაციის მთავარ მოთხოვნად რჩება ირანის ტერიტორიაზე ურანის გამდიდრების პროცესის სრულად შეჩერება და უკვე არსებული მარაგების დათმობა. თუმცა თუ ოფიციალური თეირანი მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, საჭიროების შემთხვევაში, ვაშინგტონი სამხედრო ძალის გამოყენებასაც აქტიურად განიხილავს. ანალიტიკოსების შეფასებით, მიმდინარე დიპლომატიური პროცესი კრიტიკულ ფაზაში შედის და მხარეებს შორის კონსენსუსის მიუღწევლობამ, შესაძლოა, რეგიონში უსაფრთხოების რისკები კიდევ უფრო გაზარდოს.
შეგახსენებთ, გასული წლის ივნისში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის ბირთვულ ობიექტებზე ერთობლივი იერიში მიიტანეს, რამაც თეირანის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად შეზღუდა. ამჯერად კი ოფიციალური ვაშინგტონი არამარტო ბირთვული, არამედ სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურებისა და პირდაპირი კონფრონტაციისთვისაც კი მზადაა, თუმცა ირანი მის მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.




























