"ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე ინიციატივით გამოდის, შეიქმნას ფონდი, რომელიც საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებულ ადამიანებს დააფინანსებს. კერძოდ, ხაზარაძე ამბობს, რომ ბევრი ადამიანია საჯარო სამსახურში, ვისაც "რუსულ კანონთან" და მის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სწორი პოზიცია აქვს, მაგრამ თავის აზრს სამსახურიდან გათავისუფლების შიშით ვერ აფიქსირებენ.
მამუკა ხაზარაძემ "ტვ პირველის" ეთერში თქვა, რომ ვინც "რუსული კანონის" გაპროტესტებას გაბედავს და ამის გამო სამსახურიდან გაათავისუფლებენ, ეს ფონდი უზრუნველყოფს, რომ მათ არანაირი ფინანსური პრობლემა არ შეექმნას. არჩევნების შემდეგ კი, უპირველესად ეს ადამიანები დასაქმდნენ.
"ჩვენ გარშემო უამრავი ადამიანია საჯარო სამსახურში, რომლებიც მუშაობენ და ძალიან სწორი პოზიცია აქვთ. ხმამაღლა ეს ადამიანები ვერ აფიქსირებენ თავის პოზიციას, რადგან აქვს ვალდებულებები, იციან, რომ გაათავისუფლებენ სამსახურიდან, ამიტომ ეს ტერორი ერთი მხრიდან, საჯარო სამსახურის თანამშრომლებზე, რომელსაც ქართული ოცნება ახორციელებს და მეორე მხრიდან, სურვილი, რომ საჯარო სამსახურის თანამშრომელმა თქვას თამამად, რომ დავიხსნათ ეს ადამიანები, ეს საკითხი გადასაწყვეტია, ამიტომ ასეთი იდეა მინდა გავაჟღერო, რომ უნდა შევქმნათ სპეციალური ფონდი, რომელშიც მე გავაკეთებ კონტრიბუციას და უნდა იყოს მართული ცნობადი ადამიანის მხრიდან, რომელსაც მსგავსი ფონდების მართვის გამოცდილება აქვს, ერთ-ერთია ნანუკა ჟორჟოლიანი - იზიდავს თანხებს და ეხმარება ბავშვებს, არის კიდევ რამდენიმე საერთაშორისო ფონდი, რომ შეიქმნას დირექტორთა საბჭო და ყველა ის ადამიანი, რომელიც იქნება გათავისუფლებული საჯარო სამსახურიდან მათი პოზიციის დაფიქსირების გამო, ამ ფონდმა უნდა აიღოს არჩევნებამდე მათი სრული დაფინანსება, ხოლო არჩევნების მერე პირველ რიგში, ამ ადამიანების აღდგენა სამსახურში.
უნდა მივცეთ კომფორტი და გარანტია იმისა, რომ თუ ისინი გათავისუფლებული იქნებიან ქართული ოცნების მხრიდან იმიტომ, რომ მათ აქვთ სხვა აზრი და გამოდიან რუსული კანონის და ხელისუფლების წინააღმდეგ, სინი დარჩებიან ქუჩაში ამათი გადაწყვეტილების გამო, ვინც არ უნდა იყოს, მეეზოვე, აკადემიკოსი, პოლიციელი თუ ა.შ. ამ ფონდმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რომ უახლოეს 5 თვის განმავლობაში ამ ადამიანებს არ შექმნათ არანაირი ფინანსური პრობლემა, ეს უნდა იყოს გამჭვირვალე,“ - ამბობს ხაზარაძე.