მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შიდა პოლიტიკურმა არასტაბილურობამ გაცვლით კურსზე შეიძლება გავლენა მოახდინოს - ADB

adb

აზიის განვითარების ბანკი მიიჩნევს, რომ საქართველოში შიდა პოლიტიკურმა არასტაბილურობამ ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზეც შეიძლება იქონიოს გავლენა - ამის შესახებ ADB-ის უფროსმა ეკონომისტმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ლილია ალექსანიანმა BMG-ის კითხვაზე პასუხისას განაცხადა. ამასთან, ალექსანიანი აღნიშნავს, რომ 2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოს საკმაოდ ძლიერი 9%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა, რისი გათვალისწინებითაც, ADB-იმ საქართველოს 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7%-მდე გაზარდა.

"საქართველოსთვის ბევრი რისკია და საკმაოდ არასტაბილური გარემოა"- ამბობს ალექსანიანი და აღნიშნავს, რომ ეს რისკები როგორც ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებს, ასევე რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ მოვლენებს უკავშირდება.

"წლის პირველ ნახევარში საქართველოს საკმაოდ შთამბეჭდავი 9%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა. რეგიონის ქვეყნების მსგავსად, საქართველოს ეკონომიკაზე ზრდის მიმართულებით იგივე ფაქტორები მოქმედებს, ესაა შიდა მოთხოვნა, რაც თავის მხრივ, დაკრედიტების ზრდით და შიდა ინვესტიციებით იყო განპირობებული, თავის მხრივ, დაბალი ინფლაცია მოხმარებას უწყობს ხელს, ფისკალური პოლიტიკა და საჯარო ინვესტიციებიც საკმაოდ უწყობდა ხელს ეკონომიკურ ზრდას. ველოდებით, რომ მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდა 7%-ს მიაღწევს, რაც ორი პროცენტული პუნქტით გაუმჯობესებული მაჩვენებელია აპრილის პროგნოზთან შედარებით. მომავალ წელს კი ზრდის ტემპი შედარებით შენელდება.

აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჯერ კიდევ აპრილში ველოდებოდით, რომ საგარეო შემოდინებები, რუს მიგრანტებთან დაკავშირებული შემოდინებები ნორმალიზდებოდა და ეს არ იქნებოდა ისეთივე გამონაკლისი, როგორც ეს 2023 წელს იყო, თუმცა ეს შემოდინებები კვლავ მაღალია, ასევე ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები მაღალ ნიშნულზეა. შესაბამისად, ეს ფულადი შემოდინებები მთავარი ფაქტორებია, რაც შიდა მოთხოვნას უფრო მაღალ ნიშნულზე ინარჩუნებს. თუმცა როგორც ვიცით, ახლა საქართველოში საარჩევნო წელი, ციკლი მიმდინარეობს, სწორედ ეს შეიძლება გახდეს უარყოფითი ფაქტორი და რისკი ეკონომიკისთვის ანდაც რეფორმების ნაწილში იმპულსის, მომენტუმის დაკარგვის. ასევე საქართველოში ამჟამად გარკვეული შიდა არასტაბილურობაა, რამაც შესაძლოა, შექმნას მერყეობა გაცვლითი კურსის მიმართულებით. ამან ასევე შეიძლება გავლენა მოახდინოს ინფლაციაზე, რაც ამ დროისთვის ძალიან დაბალია, ერთი პროცენტი აგვისტოში, რაც ცენტრალური ბანკის სამიზნე მაჩვენებელზე დაბალია. თუმცა ინფლაციის ზრდის მიმართულებით რისკები მაღალია. ნებისმიერ გეოპოლიტიკურ ესკალაციას, უკრაინაში მიმდინარე ომის ესკალაციას შეუძლია სურსათსა და ენერგორესურსებზე ფასები გაზარდოს. ასევე არასტაბილურობასთან დაკავშირებულმა ეფექტებმა, მერყეობამ, შესაძლოა, გაზარდოს ინფლაცია. ასე რომ, ამ ეტაპზე საქართველოსთვის ბევრი რისკია და საკმაოდ არასტაბილური გარემოა,"- განაცხადა ლილია ალექსანიანმა BMG-ის კითხვაზე პასუხისას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები