შიშისგან და რევანშიზმისგან გათავისუფლებული საჯარო მოხელე ქვეყნის მომავლის საუკეთესო საყრდენია, - ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"სოციალური გარანტიებით უნდათ მოქალაქეებს გათავისუფლება - ევროპულ სოციალურ კანონმდებლობასთან დაახლოება საქართველოს მოქალაქისთვის ნიშნავს იმას, რომ მისი პირადი, ოჯახური, სამსახურებრივი და საზოგადოებრივი სივრცე იქნება დაცული, რაც ადამიანის ღირსების დაცვის უპირველესი ნიშანია.
გათავისუფლება უნდა ეხებოდეს საჯარო სამსახურს - თავისუფალი საჯარო სამსახური ნიშნავს იმას, რომ ნამდვილად ემსახურება სახელმწიფოს და არა პირად ინტერესებს, გავლენებსა და პარტიულ დიქტატს. სწორედ ესაა ის, რაც ევროპას უდევს საფუძვლად. მთავრობები, მმართველი პარტიები მიდიან და მოდიან, არავინ ერევა ცალკეული საჯარო მოხელეების საქმიანობაში, არავინ ავალებს, ან უკრძალავს მათ სადმე მისვლას, ან არ მისვლას, რამის თქმას და ა.შ; იცვლება პოლიტიკური სპექტრი, საჯარო მოხელე რჩება და მის ხელშია პოლიტიკის თანმიმდევრულობა, სტაბილურობა და სახელმწიფო, თუ ადმინისტრაციული მეხსიერება. შიშისგან და რევანშიზმისგან გათავისუფლებული საჯარო მოხელე ქვეყნის მომავლის საუკეთესო საყრდენია", - განაცხადა პრეზიდენტმა.