მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შორს ბინძური ხელები "ჯორჯიან ეარვეისისგან" - კომპანია რუსეთში ფრენებზე განცხადებას ავრცელებს

6463c8365b123
BM.GE
16.05.23 22:09
971
ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისი" რუსეთის მიმართულებით ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მათი ცნობით, ეს არის კომპანიის თანამშრომლების ღია წერილი, სადაც ნათქვამია, რომ პოლიტიკურ გადაწყვეტილებასთან არაფერი აკავშირებთ და მათი მთავარი მიზანია ქართველი ხალხის დაკვეთა შეასრულოს.

"შორს ბინძური ხელები ჯორჯიან ეარვეისისგან! (ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისის" თანამშრომლების ღია წერილი) ბოლო დღეების განმავლობაში ხშირად მოვისმინეთ „ჯორჯიან ეარვეისის“ მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები რუსეთის მიმართულებით ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით.

ავიაკომპანიის წინააღმდეგ დაწყებულია ბინძური კამპანია, სრულიად დაუმსახურებლად "გვამკობენ" მიუღებელი ეპითეტებით. ყველაზე გულსატკენი არის ჩვენს პატრიოტულ გრძნობებზე მოყენებული თავდასხმა. მოღალატეებს გვეძახიან, რატომ ფიქრობთ რუსეთის მიმართულებით რეისების შესრულებაზეო. ყველა ამ უსაფუძვლო ბრალდების ავტორის გასაგონად გვსურს განვაცხადოთ, რომ სახელმწიფოებს შორის სავიზო რეჟიმის დაწესება ან მოხსნა, საავიაციო მიმოსვლის შეწყვეტა ან აღდგენა რომელიმე ავიაკომპანიის პრეროგატივა არ არის, ამას სახელმწიფოები წყვეტენ.

ჩვენ პოლიტიკური ორგანიზაცია არ ვართ, აქედან გამომდინარე, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს არ ვიღებთ. ჩვენ ქართველი ხალხის დაკვეთა უნდა შევასრულოთ და საქართველოს მოქალაქეებს რა მიმართულებით ექნებათ მგზავრობის სურვილი, იმ მიმართულებებს უნდა მოვემსახუროთ. ქართველი ხალხის სამსახურში დგომის გარდა სხვა პოლიტიკა ჩვენ არ გაგვაჩნია.

ჩვენ ქართველი ხალხის ინტერესებს ომის პირობებშიც ვემსახურებოდით და მშვიდობის პირობებშიც მოვემსახურებით.

შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ ამ ბინძური კამპანიის უკან დგას ის მართული ძალები, რომლებიც უცხოეთიდან მიღებული გრანტების გასამართლებლად მზად არიან საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ინტერესის წინააღმდეგ წავიდნენ.

ჩვენ გვწამს ბრძენი ქართველი ხალხის, რომელიც საღად შეაფასებს შექმნილ ვითარებას და დადგება სიმართლის მხარეს. სიმართლე კი ერთია - „ჯორჯიან ეარვეისი“ იყო, არის და იქნება საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესების სამსახურში მდგომი ავიაკომპანია", - წერია განცხადებაში. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები