მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შოვში მიმდინარე სამძებრო სამუშაოებში სამხედროები ჩაერთნენ - თავდაცვის სამინისტრო

სტიქია

შოვში, სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებები დილიდან განახლდა. ადგილზე მუშაობს ავიაცია. სამძებრო სამუშაოებში ასევე დილიდან ჩაერთნენ სამხედროები.

თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სტიქიის ზონაში იმყოფებიან თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები.

„სამხედროები ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტის მუხლუხებიანი ტექნიკით მდინარის მეორე მხარეს გადავიდნენ, დამეწყრილი ფერდობის პერიმეტრზე გაიშალნენ და სპეციალური ხელსაწყოებით სისტემურად ამოწმებენ ტერიტორიას“, - აცხადებენ უწყებაში.

ცნობისთვის: კურორტ შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროის მონაცემებით, სტიქიამ 11 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. სტიქიის სალიკვიდაციო და სამძებრო სამუშაოები მესამე დღეა მიმდინარეობს და დილიდან განახლდა. ადგილზე პირველივე დღიდან მობილიზებული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და მოხალისე მაშველები. გუშინ სტიქიის ზონას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილმა მოინახულა და სამძებრო სამუშაოებში, აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონი და ეროვნული გვარდიის 102-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონის ჩართვის გადაწყვეტილება მიიღო.

კურორტ შოვში წარმოქმნილი სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ქვეყანაში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები