შოვში წინასწარი გაფრთხილების სისტემების არსებობის შემთხვევაში, განგაშის საფუძველი სტიქიამდე 2 საათით ადრე გაჩნდებოდა - ამის შესახებ სეისმური მონიტორინგის ცენტრის დირექტორმა თეა გოდოლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
შოვის ტრაგედიიდან ერთი წლის შემდეგ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტმა და სეისმური მონიტორინგის ეროვნულმა ცენტრმა საზოგადოებას შოვის სტიქიის კვლევის ახალი მასალები წარუდგინა. აღნიშნულ კვლევაში ათამდე ქვეყნის მეცნიერი იყო ჩართული და ის სატელიტის ჩანაწერებსაც მოიცავს, რომლებიც სტიქიის დაწყებისა და განვითარების პროცესს ასახავს. კვლევის ავტორებმა წარმოადგინეს ასევე სტიქიის ეპიცენტრიდან ყველაზე ახლოს - 30 კილომეტრში არსებული ღარის სეისმური სადგურის 2023 წლის 3 აგვისტოს მონაცემები წარმოადგინეს, რომლის მიხედვითაც, კლდის ჩამოშლა სტიქიამდე 2 საათით ადრე დაიწყო.
„შოვში სტიქიის შესახებ რომ გავიგეთ დაახლოებით 4 საათი იყო დაწყებული, მაგრამ ეს პროცესი 14:56 საათზე დაიწყო რეალურად და მასის ხეობაში გატარება. აქ გვქონდა 10-8 წუთი იმისთვის რომ განგაშის და წინასწარი რეაგირების სისტემების საფუძველზე რეაგირება გვქონოდა. ეს პროცესი დაიწყო კლდის დაშლით, რაც 2 საათით ადრე ხდებოდა. აქაც წინასწარი შეტყობინების სისტემები რომ გვინდოდა ეს განგაშის საფუძველს მოგვცემდა, რადგან მილიონ კუბურ მეტრზე მეტი კლდე-ზვავის მასა და 3 მლნ კუბურ მეტრამდე დანარჩენი მასაა ჩამოსული. ადრეული გაფრთხილების სისტემა, რომ ყოფილიყო ნებისმიერი სეისმური სადგური გამოაცხადებდა განგაშს“, - განაცხადა გოდოლაძემ.
სპეციალისტი აცხადებს, რომ ქვეყანაში ადრეული გაფრთხილების სისტემების არსებობა მნიშვნელოვანი, თუმცა აქვე ამ სისტემებთან მომუშავე კვალიფიციური კადრების დეფიციტზე ამახვილებს ყურადღებას.
„სისტემა დაცარიელდა. ქვეყანაში ამ მიმართულებით სერიოზული საკადრო დეფიციტია. ბევრი ადამიანი უნდა იყოს ამ ყველაფერში ჩართული. არ არის ეს მარტივი სისტემები. ახლა პრობლემას იმაში ვხედავთ, რომ გადაწყვეტილების მიმღებს ვეღარ ვაგებინებთ - არ შეიძლება დარგს არაპროფესიონალები მართავდნენ“, - აცხადებს თეა გოდოლაძე.
შოვში, მდინარე ბუბასწყლის ხეობაში მეწყრული პროცესები 2023 წლის 3 აგვისტოს განვითარდა, რასაც 33 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. განადგურდა კურორტ შოვის 26 ჰა ფართობზე არსებული საცხოვრებელი სახლები და ობიექტები.
სტიქიიდან 5 თვეში გარემოს ეროვნულმა სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ სტიქიის შეფასების ანგარიშში ნათქვამი იყო, რომ შოვში, სტიქიის გავრცელების არეალში ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა და არსებული შენობების ფუნქციონირება დაუშვებელია.