შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის ინფორმაციით, სამი დღის განმავლობაში 110 კომპანია შემოწმდა, საიდანაც 50-მა დადგენილი მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა. შემოწმების რიგს კიდევ ასეულობით კომპანია ელოდება.
როგორც „საქმიანი დილის“ ეთერში ფერაძემ აღნიშნა, დღეში საშუალოდ 40-დან 50-მდე კომპანია მოწმდება.
„სამი დღის განმავლობაში შევამოწმეთ 110 კომპანია, ძირითადად ეს არის მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები და მეორეს მხრივ არის გეგმიური მონიტორინგი, რომელსაც გარკვეული პერიოდულობით ვახორციელებთ.
პრიორიტეტია თითოეული კომპანია, თუმცა როდესაც გადარჩევა ხორციელდება, ყურადღება ექცევა დასაბუთებას, რამდენად ასაბუთებს ესა თუ ის კომპანია რომ მათი სრული მასშტაბით ოპერირება საგანგებო პირობებში აუცილებელია. მესმის რომ ძნელია და ყველა კომპანიას აქვს ინტერესი, თუმცა ვმოქმედებთ შეძლებისდაგვარად იმ რესურსის გათვალისწინებით, რაც არსებობს.
გეგმა გვაქვს, რომ ყოველდღიურად 40-დან 50-მდე კომპანია შემოწმდეს, თუმცა ეს რიცხვი შეიძლება უახლოს დღეებში კიდევ გავზარდოთ.
ჩვენ ყოველ წუთს ვიყენებთ იმისთვის, რომ ბიუროკრატიული ბარიერები ნაკლები იყოს და როგორც კი გვაქვს შემოწმების შედეგები, მოვაწოდოთ ეს ინფორმაცია ცენტრალურ ხელისუფლებას.“ - განაცხადა ფერაძემ.




























