კომპანიებს შრომის უსაფრთხოების თანამშრომლის ყოლის ვალდებულება 2019 წლიდან აქვთ. თუმცა, ბაზარზე შესაბამისი კადრების დეფიციტია. შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების დეფიციტზე BM.GE გასულ წელსაც წერდა. აღმოჩნდა, რომ პრობლემა კვლავ მოუგვარებელია.
როგორც ბიზნეს ასოციაციის იურიდიული დირექტორი ნიკა ნანუაშვილი BMG-სთან ინტერვიუში აცხადებს, ქვეყანაში შესაბამისი კადრების დეფიციტი კვლავ აქტუალურია. მისივე თქმით, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის გადამზადება ორ კვირაში და თუნდაც ორ წელიწადში ვერ მოხერხდება, ვინაიდან ამ ტიპის სპეციალისტს კომპლექსური ტექნიკური ცოდნა სჭირდება, რომლის მიღებაც მარტივად ვერ მოხერხდება.
„შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის დეფიციტი არის, თუ ჩვენ ვსაუბრობთ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტზე, ამ ცნების საუკეთესო გაგებით. თუ ვინმემ გაიარა ორკვირიანი კურსი, ბუნებრივია, ჩვენ მათ ვერ ჩავთვლით შრომის უსაფრთხოების სპეციალისტად. შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი არ შეიძლება იყოს ნებისმიერი, ვისაც მოუნდება. ამას სჭირდება თანამედროვე ტენდენციების, რისკების თუ უსაფრთხოების იდენტიფიცირების და შეფასების ნაწილში ტექნიკური განათლება და გადამზადება. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მას ვუწოდოთ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი ისეთი ტიპის საწარმოებში, სადაც მომეტებული რისკია. ვგულისხმობ, მაგალითად, მშენებლობას, სამთო-მოპოვებით მრეწველობას, მეტალურგიას, ქიმიურ მრეწველობას. აქ ბუნებრივია, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების მომზადება ორ კვირაში და ვერც ორ წელიწადში მარტივად ვერ მოხდება, ვინაიდან მას სჭირდება კომპლექსური, ტექნიკური ცოდნა და სპეციალური განათლება“, - აცხადებს ნანუაშვილი.
მისივე თქმით, ბიზნეს ასოციაციის სურვილი და მოსაზრებაა, რომ იმ ტიპის საწარმოებისთვის, სადაც რისკები მინიმალურია, კიდევ უფრო გამარტივდეს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის ყოლის ვალდებულება და კიდევ უფრო გაიზარდოს ის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც თითოეული დაბალრისკიანი საწარმო ვალდებულია შეაფასოს სამუშაო გარემოში რისკები. თუმცა, ჯერჯერობით ამ კუთხით ცვლილებებზე საუბარი არ არის.
ცნობისთვის, 2019 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედებული კანონის მიხედვით, დამსაქმებელს, რომელსაც 20 ან ნაკლები დასაქმებული ჰყავს, შეუძლია პირადად შეასრულოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მოვალეობები. თუმცა იმ პირობით, თუ მას გავლილი ექნება აკრედიტებული პროგრამა. თუ დამსაქმებელს 20-დან 100-მდე დასაქმებული ჰყავს, იგი ვალდებულია ჰყავდეს არანაკლებ ერთი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, ხოლო 100 ან მეტი დასაქმებულის შემთხვევაში, უნდა შეიქმნას შრომის უსაფრთხოების სამსახური, რომელიც არანაკლებ შრომის უსაფრთხოების ორი სპეციალისტით იქნება დაკომპლექტებული.