შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების შიდა და გარე პერიმეტრზე ვიდეომონიტორინგის განხორციელების ახალი წესი დამტკიცდა. შესაბამის ბრძანებას ხელი მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა მოაწერა. დოკუმენტი, რომელიც „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონსა და უწყების დებულებას ეფუძნება, ძალაში 2026 წლის 1 სექტემბრიდან შევა.
ახალი რეგულაცია დეტალურად განსაზღვრავს, თუ სად, რა მიზნით და როგორ განხორციელდება ვიდეო და აუდიომონიტორინგი, ვინ შეძლებს ჩანაწერებზე წვდომას და რა ვადით შეინახავს უწყება მოქალაქეებისა თუ თანამშრომლების ვიზუალურ მონაცემებს.
ბრძანების თანახმად, მუდმივი, 24-საათიანი ვიდეომონიტორინგი განხორციელდება როგორც შენობების გარე პერიმეტრზე (ეზოები, ავტოსადგომები, საგუშაგოები), ისე შიდა სივრცეებში (დერეფნები, ლიფტები, კიბის უჯრედები, მოქალაქეთა მისაღები და მომსახურების სივრცეები, არქივები და იარაღის შესანახი ოთახები).
ვიდეოკამერები უნდა დამონტაჟდეს თვალსაჩინო ადგილას და ახალი წესი ხაზგასმით კრძალავს ფარულ გადაღებას.
აღსანიშნავია, რომ ეს წესი არ ვრცელდება:
- პოლიციელების სამუშაო ფორმებსა და ავტომობილებზე დამონტაჟებულ ვიდეოტექნიკაზე (ბოდიკამერები და ვიდეორეგისტრატორები);
- საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის ვიდეომეთვალყურეობაზე;
- მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსებისა და თავშესაფრის მაძიებელთა ცენტრებზე;
- დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის (იზოლატორების) შენობებზე;
- სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე.
ახალი წესის მიხედვით, შსს-ში დასაქმებული პირების სამუშაო პროცესისა და სივრცის ვიდეომონიტორინგი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანის უფლებების დაცვაზე ან საქმიანობაზე ეფექტიანი მონიტორინგის განხორციელება სხვა საშუალებით შეუძლებელია.
ამასთან, მუხლი აზუსტებს, რომ თუ თანამშრომლის სამუშაო მაგიდა საერთო ან საზოგადოებრივ სივრცეში (მაგალითად, საშვთა ბიუროში ან მომსახურების დარბაზში) კამერის ხედვის არეში მოხვდება, ეს არ ჩაითვლება სამუშაო სივრცის მონიტორინგად. სამუშაო ადგილზე კონტროლის დაწესების შესახებ დასაქმებული პირი წერილობით, წინასწარ უნდა იყოს გაფრთხილებული.
კანონმდებლობის მიხედვით, ვიდეოინფორმაციის ჩაწერა ავტომატურ რეჟიმში მოხდება. ტექნიკური მახასიათებლები უნდა უზრუნველყოფდეს ჩანაწერის შენახვას არანაკლებ 72 საათის განმავლობაში, ხოლო მაქსიმალური ვადა 30 დღეა, რის შემდეგაც მონაცემები ავტომატურად უნდა წაიშალოს ან განადგურდეს.
ვიდეომონიტორინგის სისტემაში შენახულ მასალებზე წვდომა მკაცრად იზღუდება. ჩანაწერების დათვალიერების უფლება ექნებათ მხოლოდ უფლებამოსილ ტექნიკურ თანამშრომლებს, გენერალურ ინსპექციას (დისციპლინური წარმოებისას) და სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელ პირებს. ნებისმიერი აქტივობა და სისტემაში შესვლა სპეციალურ ელექტრონულ ჟურნალში აღირიცხება.
ამასთან, ახალი წესით იზღუდება ვიდეოკონტროლის ოთახებში არაუფლებამოსილი პირების შესვლა და იქ ფოტო/ვიდეო გადაღება მინისტრის ან დანაყოფის ხელმძღვანელის ნებართვის გარეშე. შსს-ს ასევე ეძლევა უფლება, ვიდეომონიტორინგი სრულად ან ნაწილობრივ აუთსორსინგზე გადასცეს და ხელშეკრულების საფუძველზე სხვა „დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს“ ანდოს.
დოკუმენტის მე-11 მუხლით, ვიდეომონიტორინგის სისტემის გამოყენებით ხმის ჩაწერაც (აუდიომონიტორინგი) დასაშვები ხდება. თუმცა, ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ „მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესის დასაცავად“ და შესაბამისი დანაყოფის ხელმძღვანელის წერილობითი, დეტალური დასაბუთების საფუძველზე, სადაც გაწერილი იქნება მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის მექანიზმები. იმ სივრცეებში, სადაც აუდიოჩაწერაც მიმდინარეობს, სპეციალური გამაფრთხილებელი ნიშნების განთავსება სავალდებულოა.
მოქალაქეებს, რომელთა პერსონალური მონაცემებიც ვიდეოჩანაწერებზე ხვდება, უფლება აქვთ, კანონით დადგენილი წესით მიმართონ სამინისტროს წერილობითი განცხადებით საკუთარი უფლებების რეალიზაციისთვის. უწყებამ განცხადება უფასოდ უნდა განიხილოს. დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, საქმე დაუყოვნებლივ გადაეცემა გენერალურ ინსპექციას, ხოლო მოქალაქეს უფლება აქვს გადაწყვეტილება ზემდგომ ორგანოში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა თუ სასამართლოში გაასაჩივროს.
თუმცა, ბრძანების მე-16 მუხლი აწესებს მოქალაქეთა უფლებების შეზღუდვის ფართო საფუძვლებს. კერძოდ, მონაცემთა სუბიექტს შეიძლება შეეზღუდოს ინფორმაციის მიღება ან სხვა უფლებები, თუ ეს საფრთხეს უქმნის:
- სახელმწიფო, ინფორმაციულ და კიბერუსაფრთხოებას;
- საზოგადოებრივ უსაფრთხოებას;
- დანაშაულის თავიდან აცილებას, გამოძიებას, სისხლისსამართლებრივ დევნას ან ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას;
- ქვეყნის მნიშვნელოვან ფინანსურ ან ეკონომიკურ ინტერესებს;
- სხვა პირთა უფლებებსა და თავისუფლებებს, ან სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოების დაცვას.




























