ინვესტიციების სააგენტოს თავმჯდომარის, მიხეილ ხიდურელის თქმით, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ერთად იმუშავებენ შუა დერეფანთან დაკავშირებულ ენერგეტიკულ და ლოგისტიკურ საინვესტიციო პროექტებზე.
მიხეილ ხიდურელმა უზბეკეთის ქალაქ ტაშკენტში გამართულ ცენტრალური აზიისა და კავკასიის საინვესტიციო საბჭოების რეგიონული ალიანსის (RAIC-CAC) სადამფუძნებლო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრის ფარგლებში, ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ალიანსის დაფუძნების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს ინვესტიციების მოზიდვის კუთხით საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებასა და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებას.
როგორც მან აღნიშნა, საინვესტიციო საბჭოების რეგიონული ალიანსი ორიენტირებული იქნება კომპლექსური და მასშტაბური პროექტების განხორციელებაზე, რაც გააღრმავებს რეგიონულ კავშირებს და გაზრდის დაკავშირებადობას ორგანიზაციის დამფუძნებელ ქვეყნებს შორის.
„შუა დერეფანთან დაკავშირებულ ენერგეტიკულ და ლოგისტიკურ საინვესტიციო პროექტებზე სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ერთად ვიმუშავებთ.
ალიანსის ფორმატი კარგი შესაძლებლობაა განხორციელდეს ისეთი პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს რეგიონის ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებას, გაამყარებს ხალხთა შორის კავშირებს და გაზრდის ინვესტიციებს რეგიონში”, - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.
პრესრელიზის თანახმად, სააგენტოს თავმჯდომარემ ალიანსის წევრებს ინვესტიციების მოზიდვის წარმატებული გამოცდილება გაუზიარა.
„ვიზიტის ფარგლებში შესაძლებლობა გვქონდა ალიანსის წევრი პარტნიორებისთვის გაგვეზიარებინა საქართველოს წარმატებული გამოცდილება ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. მჯერა, რომ ეს ალიანსი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებაში", - აღნიშნა საინვესტიციო სააგენტოს თავმჯდომარემ.
ტაშკენტის საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში, მიხეილ ხიდურელმა მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში სახელწოდებით „ცენტრალური აზიისა და კავკასიის საინვესტიციო საბჭოების რეგიონული ალიანსი: რეგიონული საინვესტიციო პოტენციალის ათვისება”.




























