მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შუა დერეფნით წელს 4.2 მლნ ტონა ტვირთი გადაიზიდება" - გაიდარ აბდიკერიმოვი პროგნოზებზე

შუა დერეფანი

"ჩვენი დერეფნის მიმართ მზარდ ინტერესს ვხედავთ და ეს ნაკადი, ჩემი აზრით, მხოლოდ გაიზრდება", - ამის შესახებ BMG-ის ბაქოს ოფისთან ინტერვიუში "ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ასოციაციის" (TITR ) გენერალურმა მდივანმა, გაიდარ აბდიკერიმოვმა ისაუბრა. მისი თქმით, წლევანდელი პროგნოზით, რომელიც შუა დერეფნის მონაწილე ყველა ქვეყანასთან შეთანხმდა, წელიწადში 4.2 მლნ ტონა ტვირთი გადაიზიდება. ცნობისთვის, 2023 წელს "ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით" 2.7 მლნ ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე 86%-ით მეტია.

ამ დროისთვის, გეგმას მივყვებით. ამასთან, დერეფანში 46,000 TEU კონტეინერიც უნდა გადავიტანოთ. გასული ხუთი თვის განმავლობაში საკონტეინერო მატარებლების ორგანიზების კუთხით ნახტომს ვხედავთ - საერთაშორისო ტრანსკასპიური დერეფნით, ამ დროისთვის, 85-მა საკონტეინერო მატარებელმა ისარგებლა, როცა 2022 წელს, ჯამში, მხოლოდ 11 ასეთი ტიპის მატარებელი გავატარეთ. ამ 85 მატარებლიდან 74-მა აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით გაიარა, 11-მა კი დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ, რაც 10.5-ჯერ მეტია, ვიდრე შარშან, ანალოგიურ დროს”, - განაცხადა მან.

მისივე თქმით, შუა დერეფანში ტვირთის მიწოდების დრო 58 დღიდან ჯერ 26-მდე შემცირდა, ახლა კი 14-18 დღის შუალედში მერყეობს. შესაბამისად, როგორც ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ასოციაციის გენმდივანი ამბობს, გამოდის, რომ ჩინეთიდან ევროკავშირის საზღვრამდე მატარებლების მიყვანა 18 დღეშია შესაძლებელი.

“ეს ერთ-ერთი ფაქტორია, რომლითაც ყურადღება მივიქციეთ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ჩვენი სახელმწიფოების უმაღლესი რანგის მხარდაჭერა, რომელთა შორისაა ყაზახეთის პრეზიდენტი, ყასიმ-ჟომარტ ტოკაევი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე, სი ძინპინი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე და თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი. ამ მხრივ, ისინი ძალიან დაგვეხმარნენ, რაც მუშაობის გასაგრძელებლად თავდაჯერებას გვაძლევს.

ამასთან, მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ ის გეოპოლიტიკური კატაკლიზმები, რომლებიც ჩვენ გარშემო ხდება, რადგან გავლენა მათაც მოაქციეს. თუკი ადრე, როცა სუეცის არხის გავლით ვმოძრაობდით, შანხაიდან სტამბოლამდე მანძილი 16,400 კილომეტრი იყო - ახლა, კეთილი იმედის კონცხის გავლით, მანძილი 30,500 კილომეტრს შეადგენს. ჩვენი მარშრუტი კი, თუ მას შანხაის ან ლიანგანის პორტიდან სტამბოლამდე დავითვლით, დაახლოებით 9,000 კილომეტრია. ჩვენ პასუხს ვაგებთ, როგორც ვადებზე, ასევე უსაფრთხოებასა და ტრანსპორტირებაზე. ყველაფერი ეს, ცხადია, თავისებურად მნიშვნელოვანია”, - განაცხადა მან.

ცნობისთვის, საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანი იწყება ჩინეთში, გაივლის ყაზახეთს, კასპიის ზღვით გადადის აზერბაიჯანში, გაივლის საქართველოს და თურქეთისა და შავი ზღვის საშუალებით უკავშირდება ევროპის ქვეყნებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები