პროკურატურამ მაღაროების დაზიანებისკენ მიმართულ ორგანიზებულ მოქმედებაში მონაწილე სამ პირს ბრალდება წარუდგინა.
ერთ-ერთი ბრალდებული გიორგი მეფარიძე BM.GE-სთან ამბობს, რომ ბრალდება აბსურდული და აქციის მონაწილეების დაშინებისკენ მიმართულია.
" განყოფილებიდან 1 საათის წინ გამოვედი. ოფიციალურად მოხდა ბრალის წარდგენა, რომელიც აბსურდული და თითიდან გამოწოვილია. თითქოს, როცა ვენტილაცია გათიშულია შეიძლება, მაღარო ჩამოინგრეს. არადა, წლების მანძილზე 1995 წლიდან 2003-2004 წლამდე შუქი საერთოდ არ იყო და არაფერი ჩამონგრეულა. რეალურად, ამ ვენტილაციას იქ არანაირი ჰაერი არ შეაქვს.
კომპანია, ამ აბსურდული და გამოგონილი ბრალდებებით ცდილობს, აქ მდგომი ადამიანების დაშინებას და გაჩუმებას. პირადად მე, ამ 2.5 წლის განმავლობაში 28 სასამართლო პროცესი მქონდა. ასევე, პროტესტის სხვა მონაწილეებსაც. საქმეების უმეტესობა 2021 წლის ბოლოდან დღემდე მიმდინარეა. რეალურად, კომპანია ამ ყველაფრით დაშინებას ცდილობს, რომ არ გაგვიჩნდეს პროტესტი იმის მიმართ, რომ კომპანიის მადნის მოპოვებით ნადგურდება ჩვენი საცხოვრისი გარემო", - განაცხადა გიორგი მეფარიძემ ჩვენთან საუბარში.
მეფარიძის თქმით, ბრალი ასევე წარედგინათ: რომან მეგრელიშვილს და მახარე ლაბაძეს.
ჭიათურაში, სოფელ შუქრუთში მდებარე კოროხნალის მაღარო უკვე ოთხ თვეზე მეტია პარალიზებულია. პროტესტის მონაწილე მაღაროელების თქმით, ადგილობრივი მოსახლეობა „ჯორჯიან მანგანეზისგან“ 2019-2021 წლის პროტესტის შედეგად მიღწეული შეთანხმების შესრულებას ითხოვენ.