საქართველოში შვედეთის საელჩო კომპანია Evolution Georgia-სთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას აკეთებს. საელჩო აღნიშნავს, რომ ისინი ეხმაურებიან იმ კომენტარებს, რომლებიც სოციალურ ქსელში მათმა წინა განცხადებამ მიიღო და აღნიშნავენ, რომ მართლაც წინა განცხადებას შესაძლოა გარკვეული კითხვის ნიშნები გაეჩინა. საელჩო აცხადებს, რომ ისინი სრულად უჭერენ მხარს შრომის ღირსეულ პირობებს და მიიჩნევენ, რომ საელჩო მოელის, რომ შვედური კომპანიები, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ სრულად იზიარებენ და იცავენ კანონით გათვალისწინებულ დასაქმებულთა შრომით უფლებებს. წინა განცხადებაში საელჩო მიუთითებდა, რომ Evolution Georgia წარმოადგენს უცხოეთში შვედური ბიზნესის წარმატების მაგალითს და ის მასში დასაქმებულებს კარიერული განვითარების კარგ შესაძლებლობებს აძლევს.
"საელჩო ევოლუშენ ჯორჯიას ირგვლივ მიმდინარე დისკუსიის საქმის კურსშია და იაზრებს, რომ Facebook-ზე გამოქვეყნებული ჩვენი პოსტი კითხვის ნიშნებს აჩენს. ჩვენ მიმოვიხილეთ კომენტარები და ეჭვგარეშეა, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა დასაქმებულისთვის ღირსეულ სამუშაო პირობების უფლებას.
საქართველოში მოქმედი ყველა შვედური კომპანიისგან მოლოდინი გვაქვს, რომ დაემორჩილებიან შესაბამის კანონებს და რეგულაციებს, ასევე, ყველა წარმოშობილი პრობლემა საუკეთესო გზებით უნდა გადაიჭრას. საქართველოში შვედური კომპანიების შესახებ სერიები გაგრძელდება. დარჩით ჩართულები, რათა გაიგოთ უფრო მეტი რეგიონში შვედური ბიზნესების აქტივობებისა და კონტრიბუციების შესახებ", – წერია განცხადებაში.
"ევოლუშენ ჯორჯია" საქართველოში Evolution Gaming-ის შვილობილია, რომელიც აზარტული თამაშების კომპანიებისთვის აუთსორს სერვისების მიწოდებით არის დაკავებული. "ევოლუშენ ჯორჯია" ქვეყანაში 7,000-მდე თანამშრომელს ასაქმებს, თუმცა 2024 წლის 12 ივლისიდან კომპანიის თანამშრომელთა ნაწილი გაიფიცა, კომპანიამ კი განაცხადა, რომ დასაქმებულებთან კომუნიკაციის გაუარესების და გაფიცვების გაგრძელების შემთხვევაში საქართველოში მათი ოპერაციების შეზღუდვას არ გამორიცხავენ.
"ევოლუშენ ჯორჯიაში" დასაქმებულებმა კომპანიას 44 მოთხოვნა წაუყენეს. ისინი შრომითი პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასების გაზრდას ითხოვენ.
12 სექტემბერს შვედეთის საელჩომ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც კომპანია მოინახულა საქართველოში შვედეთის ელჩმა ანა ლიბერგმა, რომლის განცხადებითაც ის გაოცებული დარჩა კომპანიაში არსებული მრავალფეროვანი სამუშაო გარემოთი, კარიერული ზრდის შესაძლებლობებითა და გენდერული თანასწორობის მიმართ კომპანიის მოწოდებით, რაც ელჩის განცხადებით, შვედურ ღირებულებებს ასახავს.
Evolution-ის 2023 წლის ანგარიშის თანახმად, ჯგუფს 17,763 დასაქმებული ჰყავს, საიდანაც ყველაზე მეტი 6,823 დასაქმებული კომპანიის ქართულ შვილობილში "ევოლუშენ ჯორჯიაში" მუშაობს. 2023 წელს ჯგუფის მთლიანი შემოსავალი 1.8 მილიარდ ევროს შეადგენდა, მისი წმინდა მოგება კი 1 მილიარდ ევროს აღემატებოდა.
2024 წლის 9 აგვისტოს კომპანიამ გაავრცელა განცხადება, რომ საქართველოში მათი დასაქმებულების რაოდენობის 1,000-ით შემცირებას გეგმავენ.