შვეიცარიის კონკურენციის კომისიამ Google-ის წინააღმდეგ წინასწარი გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება კომპანიის მხრიდან Android-ის სისტემის ახალი მოწყობილობებისთვის Google Chrome-ის, როგორც საძიებო სისტემის ავტომატურად ჩაყენებას და ალტერნატიული პროგრამების შეზღუდვას.
მარეგულირებელი ორგანოს შეფასებით, ციფრულ ბაზარზე მსგავსი პარამეტრების დაყენება კონკურენციის შესახებ კანონს არღვევს და მეტოქე საძიებო სისტემების ხილვადობას მნიშვნელოვნად ზღუდავს. კომისიის განმარტებით, Google-ის ეს პრაქტიკა საგრძნობლად აზარალებს სხვა კომპანიებს. ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს შვეიცარიული მარეგულირებელი, თუმცა ანალიტიკოსები მოელიან, რომ Google-ს პარამეტრების შეცვლა და Android-ის სხვა საძიებო პლატფორმებისთვის გახსნა მოუწევს.
თავად Google-ში უკვე გამოეხმაურნენ გამოძიების დაწყებას და განაცხადეს, რომ შვეიცარიის მარეგულირებელ ორგანოსთან სრულად ითანამშრომლებენ.
ცნობისთვის, ანალიტიკური პლატფორმა Statcounter-ის მონაცემებით, Google-ი შვეიცარიის საძიებო ბაზრის 82%-ს აკონტროლებს.




























