გაეროს ანგარიშის თანახმად, ეროვნული პარკი, რომელიც სიერა-ლეონეს დედაქალაქ ფრითაუნს სუფთა სასმელი წყლით ამარაგებს, კრიტიკული საფრთხის ქვეშაა - მიზეზი ადგილობრივების მიერ მიწის მიტაცების, ნახშირის წვის, ბუნებრივი რესურსების მითვისებისა და მარიხუანას კულტივაციის მცდელობებია.
ანალიზის თანახმად, მას შემდეგ, რაც 2016 წელს “მსოფლიოს კვების პროგრამის” ფარგლებში გაერომ მონაცემთა შეგროვება დაიწყო, 18 000 ჰექტარზე გაშენებულმა პარკმა ტყის საფარის 26% უკვე დაკარგა. ანგარიშში გაერთიანებული ერების ორგანიზაცია სიერა-ლეონეს აფრთხილებს, რომ გაუტყეურების ზრდა ქალაქში ნიადაგის დესტაბილიზაციას, წყლის დეფიციტს, მეწყერსა და წყალდიდობებს გამოიწვევს, რის გამოც ტყის საფარზე, დედაქალაქისთვის სასმელი წყლის მთავარ წყაროზე, მონიტორინგი უნდა გამკაცრდეს.
ფრითაუნი ტყით დაფარულ ნახევარკუნძულზეა გაშენებული და მისი ძირითადი ნაწილი ეროვნულ პარკს უჭირავს. ქალაქს სასმელი წყალი მთის წყალსაცავებიდან მიეწოდება, თუმცა დეფორესტიზაციის გამო, მოსული ნალექი მთის ფერდობებიდან ჟონავს და ნიადაგსა და მდინარის ნაკადში არ მიდის.
სიერა-ლეონეს გარემოს დაცვის მინისტრის განცხადებით, ნახევარკუნძულზე გაუტყეურების პროცესი საგანგაშოა, კანონის გამკაცრება და აღსრულება კი სხვადასხვა გამოწვევასთანაა დაკავშირებული. მისი თქმით, ქვეყნის ხელისუფლება ტყის საფარის შესანარჩუნებლად და აღსადგენად უკვე მუშაობს.