მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სიღნაღში ბიომეურნეობა "სამყურამ" სათბურისა და კაფის ამოქმედება გადაავადა - რატომ?

63747ba09ae63
თინათინ ნატმელაძე
20.11.22 18:41
1153
ბიომეურნეობა "სამყურა" რამდენიმე წელია სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში სხვადასხვა სახეობის ბოსტნეულს აწარმოებს. როგორც მისი დამფუძნებელი ნიკა ბაგალიშვილი BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, წარმოების გაზრდის მიზნით სათბურის მშენებლობა დაიწყო, თვის ბოლოს კი კაფის მშენებლობასაც დაიწყებს, რომელიც მომხმარებელს მისი წარმოებული ბოსტნეულით დამზადებულ კერძებს შესთავაზებს.

აღსანიშნავია, რომ ბაგალიშვილი სათბურისა და კაფის ამოქმედებას მიმდინარე წლის გაზაფხულიდან გეგმავდა, თუმცა ფინანსების არ ქონის გამო გადავადება მოუწია.

"სათბურის მშენებლობა ახლა დავიწყე, კაფის მშენებლობას კი ამ თვის ბოლოდან დავიწყებ, წესით ორივე ამ წლის გაზაფხულიდან უნდა ამემოქმედებინა, მაგრამ ფინანსების არ ქონის გამო გადავადება მომიწია. რასაც ველოდებოდი ის შემოსავალი არ მქონდა, ამან კი კაფის გახსნისას პრობლემა შემიქმნა. სათბურს მე და ჩემი მეგობარი ჩვენი ხელით ვაშენებთ, ამიტომ ხარჯი მხოლოდ მასალის შეძენაში მიდის.

კაფე იქნება ვეგეტარიანული, 80% ჩემი წარმოებული ბოსტნეულით დამზადებული კერძები იქნება, 20% კი ადგილობრივებისგან შეძენილი ყველით, კვერცხით და ა.შ. ფართი 35 ადამიანზე იქნება გათვლილი და 2-3 ადგილობრივს დავასაქმებთ.

რაც შეეხება სათბურს, მისი გახსნის შემდეგ ჩემი პროდუქციის წარმოება გაიზრდება და მოვახერხებ, რომ ბაზრის მოთხოვნა დავაკმაყოფილო.

სათბურში ბროკოლის და სალათის ფურცლის მოყვანას ვგეგმავ და ვფიქრობ, რომ 2 ტონით მეტ ბროკოლს მივიღებ, სალათის ფურცელს კი 1.5 ტონით მეტს", - განაცხადა ნიკა ბაგალიშვილმა.

"სამყურას" ბოსტნეული ამჟამად თბილისში, მაღაზია "წერტიში" იყიდება, სადაც მისი სტენდია განთავსებული, თუმცა დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ პროდუქციის ონლაინ შეძენაც შესაძლებელია.

გამოწვევებზე საუბრისას ნიკა ბაგალიშვილი ამბობს, რომ ადგილზე კადრების ნაკლებობაა, რაც მუშაობის სურვილისა და ცოდნის არქონითაა გამოწვეული, თანამშრომლების სხვა ქალაქიდან დაქირავება კი დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული.

ბიომეურნეობა "სამყურას" კაფის მოსაწყობად 60 000 ლარის, ხოლო სათბურის ასამოქმედებლად 35 000 ლარი ინვესტიცია სჭირდება.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები