ამერიკის შეერთებულ შტატებში, კალიფორნიაში თბური ტალღაა მოსალოდნელი, რის გამოც მეტეოროლოგები კონტინენტის დასავლეთ ნაწილში ჰაერის მაღალ ტემპერატურას ელოდებიან.
“სიკვდილის ველის ეროვნული პარკი” (Death Valley) ერთ-ერთი იქნება იმ ადგილთაგანი, სადაც კალიფორნიის შტატში რეკორდული ტემპერატურა 130 გრადუსი ფარენჰაიტი, ანუ 54.4 გრადუსი ცელსიუსია ნავარაუდები - აღნიშნულ ტერიტორიაზე ასეთი სიცხე აქამდე ორჯერ - 2020 და 2021 წლებში დაფიქსირდა.
როგორც აშშ-ის ამინდის ეროვნული სამსახურის ლას-ვეგასის ოფისის წარმომადგენელი, ბრაიან პლენზი მედიასთან განმარტავს, სიკვდილის ველის პარკში ჰაერის რეკორდულ ტემპერატურამდე გათბობის შანსი მომდევნო ორშაბათსა და სამშაბათს 25%-მდეა, 9 ივლისის ამინდის პროგნოზი კი 52.7 გრადუს ცელსიუსს ვარაუდობს, თუმცა ცხელი ჰაერის მასების გადაადგილებით არსებობს შანსი, რომ ტემპერატურა კიდევ უფრო გაიზარდოს.
“სიკვდილის ველს” ხშირად მოიხსენიებენ, როგორც დედამიწის ყველაზე ცხელ წერტილს - ეროვნული პარკი მოჰავეს უდაბნოში, ზღვის დონის ქვემოთ მდებარეობს, რის გამოც ხშირად ტემპერატურა ხშირად იმდენად იზრდება, რომ მესამე ხარისხის დამწვრობის გამოწვევაც შეუძლია.
მსოფლიოს მეტეოროლოგიის ორგანიზაციის მონაცემებით, პარკში რეკორდული ტემპერატურა Furnace Creek-ის რანჩოში დაფიქსირდა - 1913 წლის 10 ივლისს თერმომეტრი 114 გრადუს ფარენჰაიტს, 56.6 გრადუს ცელსიუსს აჩვენებდა, თუმცა ეს მონაცემი საკამათოა, რადგან აშშ-ის ამინდის ბიუროს მსგავსი გადაცდომები არაერთხელ ჰქონია. ამავე წლის კიდევ ერთი რეკორდული ტემპერატურა რამდენიმე დღეში, 13 ივლისს დაფიქსირდა და 55 გრადუსი შეადგინა.
“სიკვდილის ველის ეროვნულ პარკში” ძლიერი სიცხის წინააღმდეგ უსაფრთხოების ზომებიცაა შემუშავებული - როდესაც ტემპერატურა 45 გრადუსს აჭარბებს, დაუშვებელია პარკში, ღია ცის ქვეშ 10 წუთზე მეტ ხანს დაყოვნება, ლაშქრობა კი მხოლოდ დილის 10 საათამდეა დაშვებული.