მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სიმდიდრის გადასახადის მიზანია ლიბერალური ეკონომიკის განადგურება" - ბერნარ არნო

1 LVMH
26.09.25 01:00
632

კომპანია LVMH-ის აღმასრულებელი დირექტორი და მილიარდერი ბერნარდ არნო საფრანგეთში "სიმდიდრის გადასახადის" შემოღების წინააღმდეგია.

სიმდიდრის გადასახადის მიზანია ლიბერალური ეკონომიკის განადგურება”, - აცხადებს არნო.

მილიარდერმა ეკონომისტ გაბრიელ ზუკმანს, რომელსაც საფრანგეთში “სიმდიდრის გადასახადის” შემოღების იდეა ეკუთვნის, ულტრამემარცხენე აქტივისტი უწოდა, რომელიც მხოლოდ “ფსევდო აკადემიურ კომპეტენციას” ავლენს.

ბერნარდ არნომ Sunday Times-სთან საუბარში ასევე თქვა, რომ ის როგორც ინდივიდი და ბიზნესმენი საკმარისი რაოდენობის საშემოსავლო გადასახადს იხდის. ბიზნესმენის კუთვნილი LVMH კონგლომერატი მსოფლიოს არაერთ ცნობილ ბრენდს ფლობს, მათ შორისაა Louis Vuitton, Givenchy, Tiffany & Co., Sephora და სხვები. არნო ასევე ARTnews-ის მსოფლიოს ტოპ-200 არტკოლექციონერს შორისა და Forbes-ის თანახმად, $156-მილიარდიანი ქონების პატრონია.

არნოს თანამოაზრეები მემარჯვენე პოლიტიკოსები არიან, რომლებიც აცხადებენ, რომ "სიმდიდრის გადასახადის" შემოღების გეგმა საფრანგეთის ეკონომიკისთვის სასიკვდილოა.

ცნობისთვის, მიმდინარე თვის დასაწყისში საფრანგეთის უკვე ყოფილ პრემიერ ფრანცუა ბაირუს ქვეყნის ეროვნულმა ასამბლეამ უნდობლობა გამოუცხადა, რის შემდეგაც იგი იძულებული გახდა გადამდგარიყო. უთანხმოების მიზეზი საფრანგეთის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების საკითხი გახდა.შესაბამისად, მისი შემცვლელის - სებასტიან ლეკორნუს მთავარი დავალება ქვეყნის ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება და მისი დამტკიცებაა. ლეკორნუს ამ მიზნის მისაღწევად ეროვნული ასამბელის სოციალისტთა ფრაქციის 66 დეპუტატის თანხმობა სჭირდება. "სიმდიდრის გადასახადების" შესახებ ეკონომისტ გაბრიელ ზუკმანის მიერ შეთავაზებული რეფორმა კი, სოციალისტთა ფრაქციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა.

ზუკმანის განცხადებით, გეგმა 1800 ყველაზე მდიდარ ოჯახს შეეხება, რომელთა ქონების ღირებულება 100 მილიონ ევროს აღემატება; ეს ქონება ყოველწლიურად 2%-ით დაიბეგრება. ამ გეგმის მიხედვით, ბიუჯეტს ყოველწლიურად 20 მილიარდ ევროს შემოსავალი გაუჩნდება. ზუკმანმა Guardian-თან საუბარში განმარტა, რომ “წარმოუდგენელი ოდენობით სიმდიდრის კონცენტრაციამ და ძალაუფლებამ, რომელიც ამ სიმდიდრეს მოჰყვება, სახე უცვალა ჩვენს დემოკრატიას და აუარესებს სოციალურ და ეკონომიკურ დაძაბულობას ქვეყანაში”.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთში მოქალაქეები უძრავი ქონების ფლობაზე საშემოსავლო გადასახადს არ იხდიან, ამიტომაც მილიარდერები აქტივებს უძრავ ქონებაში აბანდებენ და საშუალოდ ორჯერ ნაკლებად იბეგრებიან, ვიდრე საშუალო სიმდიდრის მქონეები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები