ევროპული ტანსაცმლის ფრენჩაიზ ოპერატორი კომპანია, „სინომი რითეილი“ საერთაშორისო ბრენდების ონლაინ პლატფორმების რაოდენობის ზრდასა და ამ კუთხით განვითარებას გეგმავს. ამის შესახებ BM.GE-სთან, კომპანიის დირექტორმა საქართველოში, რეზო მაღალაშვილმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, კომპანია საქართველოში 22 საერთაშორისო ბრენდითაა წარმოდგენილი, საიდანაც მომხმარებელს აპლიკაციას მხოლოდ სამი ბრენდი სთავაზობს.
„თანამედროვე რითეილ სექტორი იმაზეა გადასული, რომ მომხმარებელს პროდუქციის შეძენისთვის ყველა არხის გამოყენების საშუალება მისცეს, როგორც ონლაინ, ასევე ადგილზე. თუმცა, სტატისტიკამ აჩვენა, რომ საქართველოში ონლაინ გაყიდვებით, მომხმარებლების მხოლოდ 6-7% სარგებლობს, ხოლო მომხმარებელთა 94-93% უპირატესობას ადგილობრივად შეძენას ანიჭებს.
დასავლეთმაც იგივე პროცესები გამოიარა, რასაც ახლა ჩვენი ქვეყანა გადის. შესაბამისად, სამომავლოდ ამ მაჩვენებლების პროპორციები შესაძლოა შეიცვალოს, თუმცა არა რადიკალურად,“-აცხადებს მაღალაშვილი.
მისი თქმით, კომპანიას ქვეყანაში კიდევ 19 ბრენდი ჰყავს, რომლის გაციფრულებაზე მუშაობა ამჟამად მიმდინარეობს. თუმცა აღნიშნული გეგმის დროულად განხორციელება თავად ბრენდებზეა დამოკიდებული.
რაც შეეხება შემოსავლებს, რეზო მაღალაშვილი ამბობს, რომ 2022 წელი კომპანიისთვის რეკორდული 36%-იანი ზრდის წელი იყო, 2023 წლის პირველ ნახევარში 3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, 2023 წლის მეორე ნახევარი კი შედარებით სუსტი პერიოდი იყო, იქიდან გამომდინარე, რომ მიგრანტების რაოდენობა მილევადი იყო. მიმდინარე წელს მაღალაშვილი რაიმე პროგნოზის გაკეთებისგან თავს იკავებს, ვინაიდან რეგიონში არასტაბილური მდგომარეობაა.
ინფორმაციისთვის, ევროპული ტანსაცმლის ფრენჩაიზ ოპერატორი კომპანია „სინომი რითეილი“ საქართველოში 2012 წლიდან ოპერირებს. კომპანია საქართველოში 22 ბრენდითა და 70 მაღაზიითა წარმოდგენილი. როგორიცაა Massimo Dutti, Mango, OYSHO, Stradivarius, Kiko Milano, Sunglass Hut, Parfois, Aldo, Charles & Keith და ა.შ.
საერთო ჯამში, ჯგუფს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნაში 80-მდე ბრენდი აქვს და კავკასიის რეგიონში, ყველაზე მსხვილი კომპანიაა, რომელიც 10 ქვეყანაში ოპერირებს, მათ შორის საქართველოში.