მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სირიაში ამერიკული ნავთობკომპანიები ბრუნდებიან - რა შეთანხმება დაიდო ConocoPhillips-თან და Novaterra-სთან?

სირია

სირიის სახელმწიფო ნავთობკომპანია Syrian Petroleum Company-მ, ასევე ამერიკულმა ConocoPhillips-მა და ენერგეტიკულმა კომპანია Novaterra-მ ახალი საბადოების ათვისებისა და არსებულ პლატფორმებზე მოპოვების გაზრდის შესახებ შეთანხმება გააფორმეს.

არსებული ინფორმაციით, დამასკოში ხელმოწერილი დოკუმენტი ხელს არამარტო ელექტროქსელების სტაბილურობის გაუმჯობესებას, არამედ ზონის ეკონომიკურად აღდგენასაც მოხმარდება.

რაც შეეხება შეთახნების დეტალებს, Syrian Petroleum Company-ს ხელმძღვანელმა იუსეფ კაბალავიმ განმარტა, რომ პროექტი ბუნებრივი აირის დღიური გამოშვების 4-5 მილიონი კუბური მეტრით გაზრდას ითვალისწინებს. პარალელურად, ConocoPhillips-ი ფრანგულ TotalEnergies-თან, QatarEnergy-სთან და Syrian Petroleum Company-სთან ერთად ლატაკიის სანაპიროსთან მდებარე მესამე ბლოკის ტექნიკურ შესწავლას დაიწყებს.

აღსანიშნავია, რომ ამერიკული ენერგეტიკული გიგანტის ხელმძღვანელის, რაიან ლანსის განცხადებით, სირიის ბაზარზე კომპანიის დაბრუნება მნიშვნელოვანი და წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. მედიასთან საუბრისას ლანსმა იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანაში ბუნებრივი აირის მოპოვება გაიზრდება, ხოლო სამომავლო თანამშრომლობა უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს. პარალელურად Novaterra-ს ხელმძღვანელმა ალექს მაკდონალდმა განაცხადა, რომ კომპანია ადგილობრივი სპეციალისტების მომზადებასა და თანამედროვე ტექნოლოგიების მიწოდებაზე მუშაობას დაიწყებს. შეთანხმების გაფორმებას გამოეხმაურა თავად სირიის პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარააც, რომელმაც დასახელებული კომპანიების ხელმძღვანელებს ნდობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ცნობისთვის, სირიაში მიმდინარე თითქმის 14-წლიანმა სამოქალაქო ომმა ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დააზიანა. არსებული მონაცემებით, ქვეყანაში ბუნებრივი აირის შიდა მოპოვება 2011 წლის 8.7 მილიარდი კუბური მეტრიდან 2023 წლისთვის 3 მილიარდ კუბურ მეტრამდე შემცირდა. ამერიკულმა ConocoPhillips-მა კი სირიაში საქმიანობა დაახლოებით ორი ათწლეულის წინ შეაჩერა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები