მოძრაობა “სირცხვილიამ” "რუსულ კანონთან" დაკავშირებით რეგისტრაციის გადაწყვეტილება შეცვალა და შესაბამისად, "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელთა რეესტრში" არ დარეგისტრირდება. ამის შესახებ "სირცხვილიას" განცხადებაშია აღნიშნული.
ამასთან, მოძრაობაში აცხადებენ, რომ გიორგი მჟავანაძე ტოვებს დირექტორის თანამდებობას და მუშაობას ახალი ხელმძღვანელობით აგრძელებენ.
"მოძრაობა “სირცხვილია” აუქმებს რუსულ კანონთან დაკავშირებით რეგისტრაციის გადაწყვეტილებას. გვესმის და ვიღებთ საზოგადოების რეაქციას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოქალაქეებისა და თანამოაზრეების კრიტიკა. ძალიან ვწუხვართ, რომ სათანადოდ ვერ შევაფასეთ ის შედეგები, რაც ჩვენს გადაწყვეტილებას შეიძლებოდა მოჰყოლოდა. მიგვაჩნია, რომ ჩვენი განცხადების დროც, ფორმაც და შინაარსიც იყო შეცდომა და შესაძლებელი იყო რისკების უკეთ გათვლა და პრევენცია .ჩვენი გადაწყვეტილება ეფუძნებოდა მიზანს, რომ არჩევნებში მოქალაქეთა მონაწილეობის გასაზრდელად დაგეგმილი კამპანიები ჩაგვეტარებინა, რათა ოქტომბრის არჩევნებზე ხელისუფლების ცვლილებისთვის შეგვეწყო ხელი, თუმცა, გამოხმაურებებზე დაყრდნობით ვიაზრებთ, რომ თანამოაზრეებშიც კი ნიჰილიზმისა და იმედგაცრუების დათესვას შევუწყვეთ ხელი, რაც ცხადია, საერთო მიზანს როგორც მოკლე, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში აზიანებს. ჩვენი გადაწყვეტილების ერთ-ერთი საფუძველი იყო ის, რომ ფუნდამენტურად არასწორად მიგვაჩნდა ხელისუფლებისთვის წინასაარჩევნოდ ჯარიმების გადახდა, ახლაც იმავე აზრზე ვართ. ამიტომ, დაჯარიმების შემთხვევაში, “სირცხვილია” არ აპირებს ჯარიმების გადახდას. გიორგი მჟავანაძე ტოვებს დირექტორის თანამდებობას და მუშაობას ახალი ხელმძღვანელობით ვაგრძელებთ. მადლობა თანამოაზრეებს გულწრფელი კრიტიკისა და რჩევებისთვის",- აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, 30 აგვისტოს, მოძრაობა "სირცხვილიამ" რეგისტრაციის შესახებ ვიდეო მიმართვა გაავრცელა. ვიდეოში გიორგი მჟავანაძე ამბობდა, რომ კანონის ახალი რედაქციით "აგენტის" სტატუსი გათვალისწინებული არ არის, ამიტომ თვითონ რეგისტრაცია ან არ-რეგისტრაცია არ განაპირობებს აგენტის სტატუსს მიიღებს თუ არა ორგანიზაცია. აღნიშნული ვიდეო მოძრაობის სოციალურ ქსელში აღარ იძებნება.