მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სისტემაში პრინციპულ გაუმჯობესებას არ ველოდები“ – ზურაბ ჭიაბერაშვილი ჯანდაცვის ახალ მინისტრზე

ზურაბ ჭიაბერაშვილი

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი ჯანდაცვის ახალი მინისტრისგან დარგში რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ელოდება. როგორც „საქმიან დილაში“ სტუმრობისას, ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, პრემიერის მიერ მინისტრის შეცვლის გადაწყვეტილება „პიარის“ ნაწილია და არჩევნებამდე სერიოზულ გარდატეხას არ უნდა ველოდოთ.

„რაიმე პრინციპულ გაუმჯობესებას მე არ ველოდები. 12 წელი საკმარისი დროა იმისათვის, რომ ჩვენ დაგვენახა მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, მით უმეტეს „ოცნებაში“ ამბობენ, რომ მნიშვნელოვნად გაზარდეს დაფინანსება. კი, გაზარდეს, თუმცა, ჩემი აზრით, ჯანდაცვის სისტემაში კიდევ უფრო მეტი ფული უნდა წავიდეს, მაგრამ შედეგები რა არის? შედეგები არ არის“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

მისივე თქმით, ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით ქვეყანაში მძიმე ვითარება გვაქვს და ამის ნათელი მაგალითია რამდენიმე ინდიკატორი. მან ამ კუთხით შობადობის და სიკვდილიანობის მაჩვენებლები დაასახელა, რომლითაც საქართველოს, მისი თქმით, მაგალითისთვის სომხეთზე უარესი მდგომარეობა აქვს.

„შობადობა რომ ავიღოთ, 2015 წელს, საქართველოში 59 000 ბავშვი დაიბადა, ხოლო 2022 წელს - 42 000 ბავშვი. ამ მხრივ დრამატული კლებაა. ბოლო სამი წლის განმავლობაში ბუნებრივი მატება უარყოფითია, ანუ მოსახლეობა იკლებს. იმას, თუ როგორია ეს მაჩვენებელი ქვეყანაში, დიდწილად მთავრობის პოლიტიკა განსაზღვრავს. „ქართული ოცნების“ პირობებში პროგრესი ამ თვალსაზრისით არ გვაქვს. სამწუხარო ისაა, რომ თუ ჩვენს თავს სომხეთს შევადარებთ, რომელიც გაცილებით უფრო რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაშია და ეკონომიკური განვითარების გაცილებით ნაკლები შესაძლებლობები აქვს, ვნახავთ, რომ იქ გარკვეული მაჩვენებლები ჩვენზე უკეთესია. ამიტომ არის კითხვა - რა კეთდება არასწორად?

თუ შობადობა ქვეყანაში ასე იკლებს და ბუნებრივი მატება არ არის, ამის მთავარი მიზეზი არის სიღარიბე და მიგრაცია. 2022 წელს 125 000 ადამიანი წავიდა ქვეყნიდან, ეს ძალიან დიდი რაოდენობაა. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანები საქართველოში თავს სოციალურად დაცულად არ გრძნობენ. ეს უკავშირდება ჯანდაცვასაც. უშუალოდ ჯანდაცვაზე რომ ვისაუბროთ, ერთ-ერთი ინდიკატორი, რაც განსაზღვრავს ჯანდაცვის მდგომარეობას, არის სიკვდილიანობა. აქაც ჯერ კიდევ ერთ ადგილზე ვდგავართ და მამაკაცის საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა გვაქვს 69 წელი. ეს ძალიან ცუდი მაჩვენებელია. ამ მაჩვენებლით შეიძლება ვერ შევედაროთ შვეიცარიას, მაგრამ თუ გვაქვს პრეტენზია იმაზე, რომ ჩვენ ევროკავშირისკენ მივდივართ, მაშინ უნდა ვედარებოდეთ თუნდაც აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებს. სტატისტიკას რომ ჩავხედოთ, ადამიანის 25%-ს ვკარგავთ 30-დან 70 წლამდე იმის გამო, რომ არის სიმსივნე, დიაბეტი, კარდიოვასკულარული დაავადებები. სომხეთში ეს მაჩვენებელი გაცილებით ნაკლებია - 19%“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

პროფესიით სამართალმცოდნე მიხეილ სარჯველაძე ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე მიმდინარე კვირას დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ჯანდაცვის ახალი მინისტრი ფართო კონსულტაციების საფუძველზე შეარჩია. მისი წინამორბედი, ზურაბ აზარაშვილი კი დაახლოებით 10 დღის წინ გაათავისუფლეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები