მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სიტყვასიტყვით გადმოვიღებთ „ფარას“ შინაარსთან ვინმეს რაიმე პრეტენზია თუ აქვს, მიმართონ აშშ-ს - პაპუაშვილი

პარლამენტი

პირდაპირ, სიტყვასიტყვით გადმოვიღებთ აშშ-ის „ფარას“ კანონს, კანონის შინაარსთან ვინმეს რაიმე პრეტენზია, კითხვა თუ აქვს, მიმართონ აშშ-ს, – ამის შესახებ "ქართული ოცნების" ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით დღემდე არის მცდელობა, რომ ბუნდოვანება შექმნან და კანონის დისკრედიტაცია მოახდინონ და მმართველი გუნდი სიტყვასიტყვით გადმოიღებს ამერიკულ კანონს, რომელიც ათწლეულებია, მოქმედებს.

„რაც შეეხება „გამჭვირვალობის კანონს,“ აქ ვხედავთ, რომ დღემდე ხალხი, რომელსაც შიგნით თუ გარეთ წაკითხულიც არ აქვს ეს კანონი, ქართველები ცდილობენ ხოლმე, რომ ან თარგმანში დააბნიონ უცხოელები, თუ რა არის ამ კანონის შინაარსი და პირიქით, უცხოელები აქეთ მერე გვიმტკიცებენ საკითხებს, რაც არ წერია საერთოდ კანონში. ჩვენ შევეცადეთ, რომ საქართველოსთვის ყველაზე მორგებული ვერსია ყოფილიყო, თუმცა ვხედავთ, რომ ამას მაინც იყენებენ, ბუნდოვანებას ქმნიან კანონთან დაკავშირებით, რათა მისი დისკრედიტაცია მოახდინონ. ამიტომ, ხომ არის აშშ მათთვის იდეალი და მისაბაძი. აგერ არის აშშ, არის მისი „ფარა”, რომელიც ათწლეულებია, მოქმედებს. აშშ რომ გარე ჩარევებისგან დაცულია, ალბათ ამაში ეჭვი არავის არ ეპარება, შესაბამისად ე.ი. ეფექტურად მოქმედებს ეს კანონი. პირდაპირ, სიტყვა-სიტყვით გადმოვიღებთ ამ კანონს. კანონის შინაარსთან ვინმეს რაიმე პრეტენზია, რაიმე კითხვა თუ აქვს და ვერ ერკვევა, მიმართონ აშშ-ს. რაიმე თუ მიაჩნიათ სამართლიანად ან უსამართლოდ, მიმართონ აშშ-ს. ან თქვან მაშინ, რომ აშშ-ის სისტემა თუ შტატები მიაჩნიათ არადემოკრატიულად და არასამართლიანად. ამიტომ სიტყვა-სიტყვით გადმოვიღებთ აშშ-ს კანონს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ახალმა ხელმძღვანელმა, პამ ბონდიმ გამოსცა მემორანდუმი, რომლითაც გააუქმა FBI-ის ის ჯგუფი, რომელიც ამერიკულ პოლიტიკაში უცხო ქვეყნის მთავრობების გავლენის გავრცელებას ებრძოდა. ამასთან, იზღუდება FARA-ს მოქმედების ფარგლები.

5 თებერვალს, "ქართულმა ოცნებამ" ამერიკული FARA-ს მიღება დააანონსა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები