ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, თბილისის ავარიული სკოლების მასობრივი დემონტაჟი დაიწყო. ამასთან, არაერთი სკოლის რეაბილიტაცია განისაზღვრა. თუმცა, წლების განმავლობაში, ამავე სკოლების მოსწავლეების მშობლები ჩიოდნენ გაჭიანურებული მშენებლობებისა და სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ.
BM.GE-მ განათლების სამინისტროს კითხვებით მიმართა, თუ რატომ გახდა საჭირო მასობრივად სკოლების დემონტაჟი და რატომ გაჭიანურდა სამუშაო პროცესები.
სამინისტროს ინფორმაციით, სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო, დებულებით დადგენილი უფლება-მოვალეობების ფარგლებში, მუდმივად სწავლობს და საჭიროების შემთხვევაში, საგანმანათლებლო დაწესებულებების შენობა-ნაგებობებზე დაკვირვებას ახორციელებს. სააგენტოს შესაბამისი სპეციალისტები (კონსტრუქტორი), დაკვირვების შემდგომ, სათანადო რეკომენდაციებს წარმოადგენენ, შენობების შემდგომ ექსპლუატაციასთან დაკავშირებით, საჭიროების შემთხვევაში, კი შესაბამისი დავალება ეძლევა საექსპერტო დაწესებულებას. აღნიშნული დასკვნების საფუძველზე, იდენტიფიცირდება სასწავლო შენობების მიმართებაში განსახორციელებელი ღონისძიებები, კერძოდ, საჭიროებს შენობის აღდგენა/რეაბილიტაციას, თუ ახლით ჩანაცვლებას.
„სკოლების დემონტაჟი შესაბამისი საექსპერტო დასკვნების საფუძველზე ხორციელდება. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ მიმდინარეობს უპრეცედენტოდ მასშტაბური პროექტის განხორციელება, რომელიც საქართველოს საჯარო სკოლების მშენებლობა - რეაბილიტაციას გულისხმობს.
სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს მიერ, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს 171 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია. კერძოდ, 77 სკოლის მშენებლობა, ხოლო 94 სკოლის შენობის სრული რეაბილიტაცია. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, მთელი საქართველოს მასშტაბით: დასრულდა 4 სკოლის მშენებლობა, განხორციელდა 12 სკოლის სრული რეაბილიტაცია, ხოლო 150-მდე სკოლას ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ - მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, ჯამში 138 სკოლის მშენებლობა/რეაბილიტაცია განხორციელდა, მიმდინარეობს 42 და დაგეგმილია 11 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია“,- აცხადებენ სამინისტროში.
განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი უხარვეზოდ მიმდინარეობს. ამ ეტაპზე გუბერნატორებთან, რეგიონებთან და შესაბამის სამსახურებთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა იმის შესახებ, რომ შედგეს იმ სკოლების სია, რომელთა რეაბილიტაცია სწრაფად უნდა დაიწყოს.
აღსანიშნავია, რომ სააგენტოს მიერ, სამუშაოების შესყიდვა, ხორციელდება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემის მეშვეობით, რომელიც წარმოადგენს ღია, გამჭვირვალე და კონკურენტუნარიან სახელმწიფო შესყიდვების პროცედურებს.
ფაქტია, სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარების ვადები მუდმივად იწევს. სასკოლო ინფრასტრუქტურის სრულად გამართვა დაგეგმილი იყო 2023 წლის ბოლოსთვის, ამ ვადამ გადაიწია ჯერ 2026 წლისთვის, ხოლო შემდგომ 2027 წლის ბოლოსთვის.
2027 წელს, საქართველოს მთავრობის გეგმით, უნდა დასრულდეს სკოლების მშენებლობის, რეაბილიტაციისა და რემონტის პროცესი და ამით, საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული პრობლემები საბოლოოდ გადაიჭრას.