სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო შაბათს უკრაინას ელექტროენერგიის საგანგებო მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ კიევი ორ დღეში არ აღადგენს სლოვაკეთისთვის რუსული ნავთობის მიწოდებას, რაც უკრაინის ტერიტორიის გავლით ხორციელდებოდა და თითქმის ერთი თვეა, შეჩერებულია.
უნგრეთთან ერთად, სლოვაკეთი ევროკავშირის იმ ორი ქვეყნიდან ერთ-ერთია, რომელიც კვლავ მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული უკრაინაზე გამავალი "დრუჟბას" მილსადენით მიღებულ რუსულ ნავთობზე. ორივე ქვეყნის ლიდერები მოსკოვთან მჭიდრო ურთიერთობებს ინარჩუნებენ და ამით უპირისპირდებიან ევროპულ კონსენსუსს, რომელიც დიდწილად პროუკრაინულია.
პარალელურად, სლოვაკეთი უკრაინისთვის ევროპული ელექტროენერგიის ერთ-ერთი მთავარი წყაროა, რაც კიევს სასიცოცხლოდ სჭირდება, რადგან რუსულმა თავდასხმებმა მისი ენერგოქსელი დააზიანა. ენერგეტიკის სექტორის ექსპერტების თქმით, გასულ თვეში უკრაინის მიერ განხორციელებული რეკორდული იმპორტის 18% სწორედ სლოვაკეთზე მოდიოდა.
"თუ ორშაბათს სლოვაკეთისთვის ნავთობის მიწოდება არ აღდგება, მე დავავალებ SEPS-ს (სახელმწიფო სააქციო საზოგადოებას), შეუწყვიტოს უკრაინას ელექტროენერგიის საგანგებო მიწოდება", - დაწერა ფიცომ სოციალურ ქსელ X-ში.
საგანგებო სარემონტო სამუშაოების პარალელურად, უკრაინამ ევროპას ნავთობის მისაწოდებლად ალტერნატიული სატრანზიტო გზები შესთავაზა. Reuters-ის მიერ მოპოვებული წერილის თანახმად, ევროკავშირში უკრაინის მისიამ შესთავაზა გადაზიდვები უკრაინის ნავთობის სატრანსპორტო სისტემის ან საზღვაო გზის გამოყენებით, რაც პოტენციურად მოიცავს ოდესა-ბროდის მილსადენს, რომელიც უკრაინის მთავარ შავი ზღვის პორტს ევროკავშირთან აკავშირებს.
"უკრაინა თანმიმდევრულად იმეორებს მზადყოფნას, უზრუნველყოს ნავთობის ტრანსპორტირება არსებული სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში", - ნათქვამია წერილში.
"დრუჟბას" მთავარი მილსადენით რუსული ნავთობის მიწოდება 27 იანვარს შეწყდა. კიევის განცხადებით, ამის მიზეზი დასავლეთ უკრაინაში მილსადენზე რუსული დრონით მიტანილი იერიში გახდა.
გასული წლის ოქტომბრიდან რუსეთმა უკრაინის ენერგოსისტემაზე დრონებითა და რაკეტებით თავდასხმები გააძლიერა, რამაც ელექტროენერგიისა და გათბობის გათიშვა გამოიწვია, მკაცრი ზამთრის პირობებში.
სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში, რომლის დაწყებიდან მეოთხე წელი 24 თებერვალს სრულდება, უკრაინა ევროპაში რუსული ენერგორესურსების ექსპორტისთვის თავისი ტერიტორიის გამოყენებას უშვებდა, თუმცა ეს ექსპორტი მკვეთრად შემცირებულია.




























