მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სლოვაკეთის უზენაესი სასამართლო პრემიერ ფიცოზე თავდასხმას ტერორისტულ აქტად არ აღიარებს

სლოვაკეთი

მიმდინარე წლის მაისში სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს მკვლელობის მცდელობის საქმესთან დაკავშირებით, უზენაესი სასამართლო პროკურატურას არ ეთანხმება და შემთხვევას ტერორისტულ აქტად არ აფასებს - ამის შესახებ ინფორმაცია სლოვაკურ მედიაში ვრცელდება.

მედიის ინფორმაციით, პროკურატურის დასკვნა ფიცოს მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული იურაი ცინტულას პირად წერილებს ეფუძნება, რომელშიც ცინტულა, სავარაუდოდ, აღნიშნავს, რომ პრემიერზე თავდასხმა სამთავრობო პოლიტიკასთან წინააღმდეგობით იყო მოტივირებული, რასაც პროკურატურამ უწოდა ცინტულას მცდელობა, მთავრობა უფუნქციო გაეხადა.

საპასუხოდ, უზენაეს სასამართლოში მიიჩნევენ, რომ არ არსებობს საჭირო და აშკარა მტკიცებულება იმის გამოსავლენად, რომ ფიცოზე თავდასხმა ტერორისტული აქტი იყო და არა დაგეგმილი მკვლელობის მცდელობა.

უზენაესი მოსამართლეები აღნიშნავენ, რომ წერილები, რომლებსაც პროკურატურა იურაი ცინტულას წინააღმდეგ იყენებენ, მხოლოდ ბრალდებულის პრემიერისადმი პერსონალურ სიძულვილს გამოხატავს და არა აშკარა განზრახვას, მთავრობისთვის რაიმე ეიძულებინა.

შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს დასკვნით, გამოძიება არ არის საკმარისად სარწმუნო იმისთვის, რომ ტერორისტული თავდასხმის ბრალდება დადასტურდეს. ამასთან აღსანიშნავია, რომ გამომძიებელმა ოფიცერმა საქმის წარმოება წინასწარ განზრახული მკვლელობის მცდელობის კვალიფიკაციით დაიწყო, რომელიც მოგვიანებით ტერორიზმის მუხლით შეიცვალა, რაც, უზენაესი სასამართლოს შეფასებით, კითხვის ნიშნებს ბადებს.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო ცეცხლსასროლი იარაღით 15 მაისს დაჭრეს. ინციდენტი ქალაქ ჰანდლოვაში მოხდა, რომელიც დედაქალაქიდან 150 კილომეტრით არის დაშორებული. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, მაშინ აცხადებდა, რომ ფიცოზე თავდასხმის უკან "გლობალური ომის პარტიასთან დაკავშირებული სპეცსამსახურის კვალი იკვეთებოდა".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები