გასულ კვირას სლოვაკეთმა ქვანახშირის ბოლო ელექტროსადგურში წარმოება შეაჩერა. ამიერიდან ქვეყანა ელექტროენერგიას მთლიანად ატომური და განახლებადი რესურსების წყაროებიდან მიიღებს. ელექტროსადგური სლოვაკეთის აღმოსავლეთ ნაწილში 1966 წლიდან ფუნქციონირებდა, თუმცა მისმა მმართველმა კომპანია, Slovenské elektrárne-ში განაცხადეს, რომ ქვეყანაში გენერირებული ელექტროენერგია 2024 წლის ივნისიდან CO2-სგან სრულად თავისუფალი იქნება.
შესაბამისად, გეგმა, რომლის თანახმადაც სლოვაკეთი წარმოებიდან ქვანახშირის ამოღებას 2030 წლისთვის გეგმავდა, გაცილებით ადრე, 2024 წელს შესრულდება, რითაც აღმოსავლეთ ევროპის ეს ქვეყანა ბელგიას, ავსტრიას, შვედეთსა და პორტუგალიას შეუერთდება.
ქვანახშირის ელექტროსადგურს ორი, 110 მეგავატიანი ბლოკი აქვს, რომელიც მიმდინარე კვირიდან წარმოებას სრულად წყვეტს, ივნისის ბოლოდან კი ადგილზე საოპერაციო პროცესი მთლიანად შეჩერდება.
ელექტროსადგურის ოპერატორი ელექტროენერგიის წარმოებისთვის ნარჩენებისა და ბიომასის ინსინერაციას (წვას) ტესტავდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ალტერნატიული საწვავი გენერაციისთვის არასტაბილური წყაროა.
აღსანიშნავია ისიც, რომ, ადგილობრივი მედიის ცნობით, აღნიშნული ელექტროსადგურის წარმოება ბოლო წლებში მინიმუმამდე იყო დაყვანილი.
ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის, რა ბედი ეწევათ დახურულ ელექტროსადგურებს. თუმცა კომპანიაში იმედოვნებენ, რომ ამ პრობლემას მდგრად გადაწყვეტას უპოვიან.