აშშ-ში ბრალი წაუყენეს საარჩევნო ტექნოლოგიების კომპანია Smartmatic-ის აღმასრულებლებს, რაც იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად უკავშირდება კომპანიის მიერ გაცემულ ქრთამს, რათა ფილიპინებში 2016 წლის არჩევნები მათი ხმის დათვლის სისტემით ჩატარებულიყო.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ბრალდების თანახმად, ფირმის თანადამფუძნებელმა და პრეზიდენტმა როჯერ ალექსანდრო პინატე მარტინეზმა, - კომპანიის კიდევ ორ თანამშრომელთან ერთად მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ქრთამი გადაიხადა, რითიც გარანტია მიიღო, რომ ფილიპინები 2016 წლის არჩევნებს მათი ტექნოლოგიით ჩაატარებდა. ამავე საქმეზე ბრალდებულია ფილიპინების საარჩევნო ადმინისტრაციის ყოფილი მაღალჩინოსანი.
მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა კომპანია Smartmatic-მა, სადაც აცხადებენ, რომ ბრალი არა თავად კომპანიას, არამედ კომპანიასთან დაკავშირებულ კონკრეტულ პირებს წარედგინათ და მათ აღნიშნულის გამო უფლებამოსილება შეუწყდათ. ამასთანავე, კომპანიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ბრალით აშშ-ს Smartmatic-ის ტექნოლოგიისა აპარატურის სანდოობაში ეჭვი არ შეუტანია.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი წერს, რომ Smartmatic-მა ხელოვნურად გაზარდა თითოეული აპარატის ღირებულება და შექმნა ყალბი კონტრაქტები, რომლითაც გაზრდილი თანხის სხვადასხვა ანგარიშებზე გადამისამართება მოახდინა.
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კომპანია Smartmatic-თან 2023 წლის ივნისში 54.2 მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტი გააფორმა, რომლის შედეგადაც კომპანია საარჩევნო ადმინისტრაციას ხმის დამთვლელ აპარატებსა და ამომრჩეველთა ვერიფიკაციის მოწყობილობებს.
თავად Smartmatic International Holding-ი 2000 წელს არის დაფუძნებული და იურიდიულად ის ნიდერლანდებში არის რეგისტრირებული, თუმცა ორგანიზაცია პოზიციონირებს როგორც საერთაშორისო კომპანია. 2022 წელს კომპანიის ტექნოლოგიებით არჩევნები ჩატარდა ლოს-ანჯელესის ოლქში; კენიაში; ფილიპინებში; ნორვეგიაში (ინნალანდეტის ოლქში); ალბანეთში; ბულგარეთში; ჰონდურასში; კანადაში (ონტარიოსა და ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციებში).