22 ნოემბრიდან "პსპ დაზღვევამ" მომხმარებელს ახალი პროდუქტი შესთავაზა - SME CARE. პროდუქტი მცირე და საშუალო ზომის ორგანიზაციებისთვის სადაზღვევო სერვისებისა და ბენეფიტების შექმნას ისახავს. კომპანიის პროდუქტზე უფრო დეტალურად “პსპ დაზღვევის” გენერალურმა დირექტორმა მიხეილ გაფრინდაშვილმა გადაცემა "ბიზნესის კვირეულში" სტუმრობისას ისაუბრა.
"SME CARE არის ჯანმრთელობის დაზღვევის კორპორატიული პაკეტი, რომლის ფარგლებშიც, მცირე და საშუალო ზომის ორგანიზაციები იღებენ ისეთ სერვისებს და ბენეფიტებს, როგორსაც დიდი ორგანიზაციები, ეს აქამდე მათი ზომიდან გამომდინარე შეუძლებელი იყო, თუმცა ჩვენ შესაძლებელი გავხადეთ. ამ პაკეტის მიზანია სადაზღვევო პროდუქტებისადმი ხელმისაწვდომობის ზრდა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. ჩვენი სპეციფიკიდან გამომდინარე, მცირე და საშუალო კომპანიებს 10-იდან 50 კაცამდე თანამშრომლების რაოდენობით განვსაზღვრავთ, აღნიშნულ ბიზნესებს მივუდექით ისე, როგორც მსხვილ ბიზნესს და იმავე პირობებით ვაზღვევთ მათ", - ამბობს მიხეილ გაფრინდაშვილი.
გენერალური დირექტორის თქმით, SME CARE მომხმარებელს ოთხი სახის პაკეტს სთავაზობს, რომელიც ყველა საფასო სეგმენტზე არის გათვლილი.
- "ოპტიმა პაკეტი" - 35 ლარი
- "ალტიმა პაკეტი" - 55 ლარი
- "ულტიმა პაკეტი" - 75 ლარი
- "მაქსიმა პაკეტი" - 95 ლარი
"პაკეტი ყველა საფასო სეგმენტზეა ორიენტირებული, დაზღვევის ფარგლებში ფინანსდება პროფილაქტიკური კვლევები, ამბულატორია, ჰოსპიტალიზაცია, მედიკამენტების ანაზღაურება, სტომატოლოგიური დანახარჯები და ორსულობა/მშობიარობა. ყველა პაკეტი მოიცავს მომსახურებას მოცდის პერიოდის გარეშე, მაღალ ლიმიტებს და თანაგადახდებს, ოჯახის წევრების დაზღვევის შესაძლებლობას და მცირე გამონაკლისებს დაზღვევამდე დამდგარი დაავადების დიაგნოსტირებისა და მკურნალობისთვის", - დასძინა მან.
ამასთან, მიხეილ გაფრინდაშვილის თქმით, მცირე და საშუალო ბიზნესი ყველაზე ნაკლებად დაზღვეული სეგმენტია და კომპანიას ახალი პროდუქტის შეთავაზებით, სწორედ ამის შეცვლა სურს.
"რაც უფრო მცირეა დაზღვეულთა რაოდენობა, მით უფრო დიდია სადაზღვევო კომპანიის რისკი და ამის გამო, სადაზღვევო კომპანიები მაინცდამაინც ინტენსიურად არ აზღვევენ მცირე და საშუალო კომპანიებს, იმ შემთხვევაში, თუ აზღვევენ, კომპანიებს უწევთ პაკეტში უფრო მეტის გადახდა, ვიდრე მსხვილ კომპანიებს. მცირე და საშუალო ბიზნესი ყველაზე ნაკლებად დაზღვეული ბიზნესია, სადაც ადამიანთა დიდი რაოდენობაა დასაქმებული, შესაბამისად, ჩვენთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ამ სეგმენტში სპეციალური პროდუქტის შეთავაზება", - თქვა მან.