ევროპული ბიზნეს ასოციაციის და საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციის კვლევა აჩვენებს, რომ ტურისტულ სექტორში მომუშავე კომპანიების დიდ ნაწილს ჯერ კიდევ არ აქვს განვითარებული შესაბამისი სტანდარტის ვებგვერდი, არ აქვთ სერვისების ონლაინ დაჯავშნისა და გადახდის სისტემები, თითქმის არ იყენებენ ელექტრონული კომერციის პლატფორმებს.
ქართული საწარმოებისათვის კიდევ ერთ დაბრკოლებას ციფრული მარკეტინგის განვითარება წარმოადგენს. კვლევის ავტორების შეფასებით, კერძო სექტორის მიერ სოციალური მედიის გამოყენების დაბალი მაჩვენებლები და ამ კუთხით მხოლოდ სოციალურ ქსელებზე კონცენტრირება მნიშვნელოვანი დაბრკოლებაა საქართველოში საერთაშორისო ტურისტების მოზიდვისა და სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდისათვის.
როგორც ევროპული ბიზნეს ასოციაციის დირექტორის მოადგილე „საქმის კურსთან“ ინტერვიუში აცხადებს, საქართველოს კონკურენტუნარიანობის ზრდისათვის მნიშვნელოვანია ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარება და მომხმარებლებზე მორგებული სოციალური მედიისა თუ სხვა ციფრული პლატფორმების გამოყენების წახალისება. ნინო უშიკიშვილის თქმით, გამოიკვეთა ქვეყანაში საწარმოების გაციფრულებასთან დაკავშირებით არსებული პროგრამების დაფინანსების ნაკლებობაც.
„ძალიან უჭირთ მცირე და საშუალო მეწარმეებს, რომ მოიპოვონ ფინანსები ციფრული გადაწყვეტების დასანერგად. მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებში არ არის ცოდნის მაღალი დონე ელექტრონული კომერციის გამოყენების თვალსაზრისით და ასევე ძალიან ჭირს ციფრული უნარები დასაქმებულებში.
არამხოლოდ მეწარმეებში და სერვისის მიმწოდებლებში არის მნიშვნელოვანი ცნობიერების ამაღლება, არამედ მომხმარებლებშიც, რადგან როცა ბაზარზე მომხმარებელს სერვისს აწვდი, მნიშვნელოვანია მომხმარებელმაც ფეხი აუწყოს ამას და მაღალი მიმღებლობა იყოს.
მეწარმეების დაახლოებით 14%-ს აქვს ვებგვერდი და ამ ვებგვერდების დიდ ნაწილს, რა თქმა უნდა, მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები ფლობენ. ციფრულ გადაწყვეტებზე როცა ვსაუბრობთ, ამ ვებგვერდებზეც დაახლოებით 20%-მდეა კომპანიები, რომლებსაც ონლაინ დაჯავშნა ან გადარიცხვები აქვთ დანერგილი და ამ კუთხით სამუშაო ძალიან დიდია. მნიშვნელოვანია ფინანსური რესურსი გამოიყოს და ყველამ ერთობლივად იმუშაოს ამ საკითხზე, რომ არ იყოს ფრაგმენტული მცდელობები“,-აცხადებს ნინო უშიკიშვილი.
მოკვლევის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მიზანშეწონილია, ტურიზმის გაციფრულების გათვალისწინება „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოსა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს საქმიანობაში.
დღესდღეობით ტურისტები დანიშნულების ადგილებს სოციალურ მედიაში შეფასებების მიხედვით არჩევენ. სწორედ ამიტომ, კვლევის ავტორებს მიაჩნიათ, რომ მნიშვნელოვანია, მოხდეს მომხმარებლებთან სწორი და დროული კომუნიკაცია.
„მნიშვნელოვანია, მუდმივ რეჟიმში ხდებოდეს საქართველოს ტურისტული ინდუსტრიის შესახებ ონლაინ მიმოხილვების შეფასება, პრობლემური მიმართულებების იდენტიფიცირება, საუკეთესო სტრატეგიის შემუშავება და იმის გათვალისწინება, თუ რას ანიჭებს უპირატესობას ახალი მომხმარებელი“-ნათქვამია დოკუმენტში.